"კანონზე ზევით არავინ დგას, მაგრამ საჭიროა, თავისუფალი და მიუკერძოებელი პროცესის პირობები შეიქმნას"

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს განცხადებით, "კანონზე ზევით არავინ დგას, მაგრამ ამავდროულად, საჭიროა, თავისუფალი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცესის პირობები შეიქმნას".

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ფულემ დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ვილნიუსის სამიტის მიმართ მოლოდინი რა თქმა უნდა, მაღალია. ეს იქნება სამიტი, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას ერთ-ერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან უკრაინასთან. მოლოდინი მაღალია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს საქართველოსთან, ჩვენ ბატონ პრეზიდენტთან მიღწეული შედეგები განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს კვირაში მოხდება საბოლოო სახით ეკონომიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა და შეიქმნება შესაბამისი პირობები, რათა შეთანხმების ფარგლებში უფრო აქტიური მოქმედებები წარიმართოს. ასევე ვიზებთან დაკავშირებით, ვიმედოვნებ, რომ სამიტის დროს ვითარება კიდევ უფრო წინ იქნება წაწეული. შეიძლება, შემოდგომის დასაწყისში ამ მიმართულებით საქართველოში მისია გამოვგზავნოთ. ჩვენ ასევე ვაკვირდებით კოჰაბიტაციის პროცესს. ჩვენი დელეგაციის დახმარებით ვცდილობთ, რომ კოჰაბიტაციის პროცესს ხელი შევუწყოთ. ჩვენი მრჩეველი სამართლებრივი და ადამიანის უფლებების მიმართულებით ამ საკითხზე მუშაობს, ასევე ამაზე მუშაობს ქეთრინ ეშთონი", - განაცხადა ფულემ.

ამასთან, ფულე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას.

"კანონზე ზევით არავინ დგას, მაგრამ ამავდროულად, საჭიროა შეიქმნას პირობები თავისუფალი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცესისა, რათა გარანტირებული იყოს შესაბამისი პირების უფლებები. როგორც აღვნიშნე, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იქნება და საქართველო ამ სამიტზე წარმოდგენილი იქნება, როგორც კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა", - განაცხადა ფულემ.