მიქაუტაძის საქმის ძიება არაეფექტურად მიმდინარეობს

მიქაუტაძის საქმის ძიება არაეფექტურად მიმდინარეობს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათია“-ს პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, მამუკა მიქაუტაძის საქმის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, ვინაიდან საქმე არ არის აღძრული წამების მუხლით. ამასთან, „ემპათია“–ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წამებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტების გამოძიება და სასამართლო განხილვები კვლავ საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით მიმდინარეობს.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია“ 2013 წლის 26 ივნისს – წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად გამართა სპეციალური პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა წამების მსხვერპლის უფლებას ეფექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებასა და რეაბილიტაციაზე.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არაადეკვატურად და არაეფექტურად იქნა შეფასებული წამების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული თუ მიმდინარე გამოძიება და 16 ჯალათის მიმართ საპროცესო შეთანხმებისა თუ მთავარი პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ჯალათთა გათავისუფლების, 6–თვიანი სასჯელებისა და სხვა მსუბუქი სასჯელების თაობაზე. 

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2012 წლის სექტემბერში პატიმართა სასტიკი წამების ამსახველ ფაქტებს, რისი ვიდეოჩანაწერებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. ასევე, ცენტრმა „ემპათია“ მთავარი პროკურატურიდან ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ წამების ფაქტებთან მიმართებაში (გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურატურას ჯერჯერობით არ მიუწოდებია). პლუს ამას, ცენტრმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრს რეკომენდაციებით წამებასთან მიმართებაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისათვის, განსაკუთრებით კი მსხვერპლთა უფლებისა და „ექიმების რისკის ზონაში“ უფლებრივი მდგმარეობის დაცვის სფეროში.

გამოძიების არაეფექტურობიდან გამომდინარე, ცენტრი „ემპათია“ ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტს ექსპერტთა მონაწილეობით საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით. აღნიშნული მიმართვები პრესაში, მათ შორის ჩვენს ვებგვერდზეც დაიბეჭდა  და სხვა მედიასაშუალებებითაც გავრცელდა. 

„ცენტრ „ემპათია“ –ს პრესკონფერენციამ აღნიშნული თემის გარშემო ფართო დებატების ინიცირებას ხელი შეუწყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეფექტური გადაწყვეტილებები არ მიუღიათ და წამების მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავ სავალალო რჩება, რაც გახდება საფუძველი წამების ფაქტების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვიანობის გაზრდისა.  ვფიქრობთ, ამგვარი მიდგომა დაუსჯელობას წაახალისებს, რაც თავისთავად წამების პრევენციის საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტების დარღვევას გამოიწვევს და ხელსაყრელ ნიადაგს შექმნის დაკავებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის“, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი და იქვე დასძენს, რომ ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მამუკა მიქაუტაძის შემთხვევა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა პოლიციაში დაკითხვისა და წამების შედეგად ჩვენების მიცემის შემდეგ. 

„გამოძიება მიმდინარეობს სხვადასხვა მუხლით, მათ შორის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, თუმცა, ცენტრი „ემპათია“ კვლავ არაეფექტურად მიიჩნევს გამოძიებას, ვინაიდან საქმე კვლავ არ არის აღძრული წამების მუხლით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ მიქაუტაძეს პოლიციაში დაკითხვისას მიადგა ძლიერი სულიერი ტანჯვა, რამაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. შესაბამისად, გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის გათვალისწინებით, საქმე უნდა აღძრულიყო პირველ რიგში წამების მუხლით, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა. არც სათანადო ფსიქიატრიულ/ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად (გარდაცვლილ პირზე, დოკუმენტაციისა და საქმის მასალების მიხედვით).

შესაბამისად, ვასკვნით რა, რომ წამებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტების გამოძიება თუ სასამართლო განხილვები კვლავ საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით მიმდინარეობს, რაც გამოიხატება თეზაში, რომ „სახელმწოფო ინსტიტუტები თუ ძალოვანი სტრუქტურის მოხელეები ყოველთვის მართალი არიან ადამიანთან მიმართებაში“, მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას რეკომენდაციით, წამების პრევენციის საერთაშორისო სტანდარტებისა და დოკუმენტირების მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი მონიტორინგის საბჭო, რის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს, ასევე აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, რათა სპეციალური სასწავლო პროგრამები განხორციელდეს პროკურატურის, პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომელთათვის, ხოლო მათი საქმიანობა განხორციელდეს აღნიშნულ ექსპერტთა სუპერვიზიის ქვეშ, ვინაიდან, სამწუხაროდ, განათლების სიტემაც კი აღნიშნულ სფეროში საბჭოთა გადმონაშთად რჩება. ამავდროულად აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა ლუსტრაციის კანონის შესახებ, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე ხელს შეუწყობს საბჭოთა აზროვნებისაგან განთავისუფლებას“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.