სად მუშაობენ ოპოზიციონერების მდევნელი პოლიციელები?!

სად მუშაობენ ოპოზიციონერების მდევნელი პოლიციელები?!

ზაალ გუდაძე ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა. ეს ის პერიოდია, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნება”-მ გაიმარჯვა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ხმიადაშვილმა 30 ნოემბერს თანამდებობა დატოვა. ხმიადაშვილის ნაცვლად გორის საკრებულომ ახალი გამგებელი პაპუნა კობერიძე აირჩია. პაპუნა კობერიძემ კი მოადგილედ ზაალ (დავით) გუდაძე დანიშნა. გუდაძე კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტის, რესპუბლიკური პარტიის წევრია და ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილ ანგარიშში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ჯერ კიდევ 2009 წელს სარგებლობდა.

2009 წლის 15 ივნისს ზაალ (დავით) გუდაძე თანაგუნდელ თამაზ ტლაშაძესთან დააკავეს. ტლაშაძეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვა ხოლო, გუდაძეს ორი ხელყუმბარისა და ოცი ცალი საბრძოლო ვაზნების შეძენა შენახვა წაუყენეს ბრალად. რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციების ფონზე, ასევე რესპუბლიკური პარტიის აქტიური მოქმედების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაკავებულები ჯარიმით გაუშვა. გუდაძე და ტლაშაძე 2009 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

ის პოლიციელები, რომლებმაც გუდაძე და ტლაშაძე დააკავეს, დღეს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და სხვადასხვა დეპარტამენტებში მუშაობენ. უფრო მეტიც, როგორც Qartli.gE-მ გაარკვია, რამდენიმე პოლიციელი თავისი აქტიურობით დღესაც გამოირჩევა და გახმაურებულ საქმეებში კვლავაც ფიგურირებენ.

მაგალითად, ზაალ გუდაძის დაკავებისას, 2009 წელს, მონაწილეობა სამი პოლიციელი – არსენ ახალკაცი, მიხეილ პაპელიშვილი და ბორის ხინჩიკაშვილი. ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მაშინ სასამართლოში გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ აღნიშნული პოლიციელების მიერ აღმოჩენილ ,,ხელყუმბარებზე ხელის კვალი არ შეიმჩნევა, ხოლო სამი ცალი ვაზნის ზედაპირზე გამოვლენილი სუსტად გამოსახული დვრილოვანი ხაზების ფრაგმენტები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. გუდაძეს მარცხენა წინა მხარეს წითელი ნაკაწრი, ხოლო ბეჭებზე ნაჭდევის კვალი აღენიშნება.” – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

რაც შეეხება თამაზ ტლაშაძის დაკავებას, მის მიმართ განხორციელებულ ქმედებაში მონაწილეობდა დავით საური, გიორგი ნასყიდაშვილი და გოგა ვახტანგაშვილი. დავით საური, ამჟამად, ახლადშექმნილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლად გადაიყვანეს.