სამართალდამცველების განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სანქცია ხუთმაგდება

სამართალდამცველების განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სანქცია ხუთმაგდება

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია ხუთმაგდება და 400-დან 2000 ლარამდე იზრდება - პირს მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში 2000 ლარიანი ჯარიმა ან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შედის, რომელიც პარლამენტში ინიცირებულია.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა, ასევე მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

სადღეისოდ მოქმედი სანქცია კი ასეთია: - დაჯარიმება 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოს დაკისრება ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით. თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით.