"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ბოლო პერიოდში სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ასოციაციის განცხადებაში სხვა თემებთან ერთად ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ აქციაზეც არის საუბარი. "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იმყოფებოდა "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ დაგეგმილ კონფერენციაზე, როგორც თავად აღნიშნა, ამავე ორგანიზაციის მიწვევით, სადაც გააკეთა მოხსენება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კონფერენცია გაიმართა ევროპარლამენტის შენობაში და ერთ-ერთი ავტორიტეტული პარტიის ინიციატივით, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ მისი საერთაშორისო მასშტაბურობის მიუხედავად, იგი ორგანიზებული იყო კონკრეტული პარტიის მიერ.

როგორც ცნობილია, მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. ამასთან, იგი შეზღუდულია ქცევის მაღალი სტანდარტით, რაც იმას გულისხმობს, რომ თავისი მოქმედებით მოსამართლე არა მხოლოდ არ უნდა არღვევდეს ქცევის წესებს, არამედ ფართო საზოგადოების წინაშე არ უნდა ტოვებდეს მათი დარღვევის შთაბეჭდილებას.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის ნებისმიერი პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობისაგან, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს ეჭვი, მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის მიმართ.

გვინდა, გამოვეხმაუროთ ასევე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ პარლამენტართა მიერ გამოთქმულ არაკორექტულ ფრაზებს და თბილისის მერის მიერ გადაცემა "პოზიციაში" გამოთქმულ მოსაზრებებს, რაც, ცალსახად, მოსამართლეთა დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამწუხაროა, რომ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოსამართლისა და მისი ოჯახის მიმართ აკეთებს მაღალი თანამდებობის პირი. ამას ისიც ამძაფრებს, რომ განცხადებების მიზეზს წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მათი უკმაყოფილება.
ზედმეტი უნდა იყოს პოლიტიკოსთათვის იმის შეხსენება, რომ დაუშვებელია მოსამართლის მიმართ მისი სტატუსის ღირსების შემლახავი გამონათქვამები, განსაკუთრებით, რომელიმე მხარისთვის არასასურველი გადაწყვეტილების გამო მოსამართლე არ შეიძლება გახდეს კრიტიკის საგანი.

ასოციაცია მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს მთავარ პროკურორს, რეაგირების გარეშე არ დატოვონ მოსამართლესა და პროკურორს შორის აკრძალული კომუნიკაციის თაობაზე უკვე არაერთხელ გაჟღერებული ფაქტები და კომუნიკაციის წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.
საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ 2013 წლის 5 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართა აქცია, რა დროსაც მისმა მონაწილეებმა სხვადასხვა საგნები დაუშინეს სასამართლოს შენობას. აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ.

ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ვინმესთვის მიუღებელი იყოს, რის გამოც არსებობს მისი გასაჩივრების მექანიზმი. შეიძლება, გადაწყვეტილება კრიტიკის ობიექტადაც იქცეს, თუმცა მსგავსი ფორმებით რეაგირება ყოვლად დაუშვებელია და იწვევს საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის განვითარების შეფერხებას.

ასოციაცია მოუწოდებს კოლეგებს, პოლიტიკოსებს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, ერთობლივად ვიმოქმედოთ ისე, რომ ერთად შევძლოთ სასამართლოს როლის და ავტორიტეტის ამაღლება, მის მიმართ ნდობის გაძლიერება, მოსამართლის, როგორც ინსტიტუციის მიმართ საზოგადოების პატივისცემის დამკვიდრება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.