გიორგი ლომია:  ვიდეომასალა არჩევნებზე გათვლილი არ იყო და პროცესი კარანტინის კადრების მოპოვებამ გააჭიანურა

გიორგი ლომია: ვიდეომასალა არჩევნებზე გათვლილი არ იყო და პროცესი კარანტინის კადრების მოპოვებამ გააჭიანურა

ვლადიმერ ბედუკაძეს პატიმართა წამების ამსახველი კადრები უანგაროდ არ დაუთმია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა გიორგი ლომიამ განუცხადა. 

მისი განმარტებით, ვიდეომასალა 2011 წლის სექტემბერში მიიღო, თუმცა იმაში დარწმუნებას, რომ ეს პროვოკაცია არ იყო, დრო დასჭირდა.

"ასევე, არსებობს განსხვავება გადაცემასა და გამორთმევას შორის. ბედუკაძეს წამოსცდა, რომ ეს კადრები ჰქონდა, რის შემდეგაც ჩვენი მხრიდან დაიწყო მასზე ზეწოლა ამ კადრების გამოსართმევად. 8 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით, ხომ არ იყო ეს პროვოკაცია, რადგან ციხის თანამშრომელს ბოლომდე არ ვენდობოდი. თუმცა, როდესაც მასალა პროვოკაციულია, მისი ავტორი ინტერესდება და გაჩქარებს, ბედუკაძე კი ამ მასალაზე არ მაწუხებდა. 8 თვის მანძილზე კიდევ ორჯერ შევხვდით და დავრწმუნდით, რომ პროვოკაციული ქმედება მისი მხრიდან ნულამდე დადის. აპრილში შეხვედრისას ვუთხარი, რომ მზად ვართ, ეს საქმე დავიწყოთ, თუმცა ამისთვის აუცილებელია კარანტინის კადრების გადაღება, რადგან მარტო ბედუკაძის მიერ გადაღებული კადრებით დავიღუპებოდით. ეს ჩაითვლებოდა ერთი ჯალათი პიროვნების დანაშაულად, რომელიც ხალხს აწამებს და ფულს იღებს, დაიჭერდნენ იმ ხალხს, ვისი დავალებითაც ვითომდა აწამებდა და ეს ვიქნებოდით ჩვენ თუ ვინმე "ოცნებიდან", მნიშვნელობა არ აქვს. უფრო გამკაცრდებოდა რეჟიმი ციხეში და შემდეგ რამის გადაღება უკვე შეუძლებელი იქნებოდა", - განაცხადა ლომიამ.

ამასთან, გიორგი ლომიას ინფორმაციით, ბედუკაძემ მასალის სანაცვლოდ რიგი მოთხოვნები დააყენა, რომლებიც "გადაჭარბებით" დაკმაყოფილდა.

"იმაზე მეტიც შევასრულეთ, რაც მან მოითხოვა, რადგან ევროპაში მისი რაღაც-რაღაცები საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. მან გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე მოითხოვა და ეკუთვნოდა და უზნეო საქციელიც პლუსს არ უწერს, მაგრამ ის ასეთი პიროვნებაა და ჩვენთვის სულ ერთია. სასამართლო პროცესი დასრულდა, ის უკვე გარეთ არის და იყოს გარეთ. მისი წვლილი ჩვენ არ დაგვიკარგავს, მაგრამ ის, რომ ვინმემ მეტი გააკეთა და ვინმემ – ნაკლები, ტყუილია, რადგან ეს იყო ერთი ჯაჭვი. რომელიმე ადამიანს რომ თავისი ფუნქცია ჯეროვნად არ შეესრულებინა, ეს არ მოხდებოდა", - განაცხადა ლომიამ.

მისი ინფორმაციით, ბედუკაძეს გადასცა შესაბამისი აპარატურა ფარული გადაღებებისთვის – ღილი, კალამი და საათი, თუმცა მან "კარანტინის დაშლის" კადრები ვერ მიუტანა.

"არ ვიცი, შეეშინდა, ვერ გაბედა თუ რა მოხდა, მაგრამ ვერ გადაიღო. გარდა ამისა, ის ჩვენ გვჭირდებოდა ბელგიის სასამართლოში, როგორც მოწმე და ამიტომ 23 ივნისს გავამგზავრეთ ბელგიაში, თუმცა ვუთხარი, რომ მჭირდებოდა აქ ვინმე, ვინც არ გაგვცემდა, მაგრამ კარანტინის კადრებს გადაგვიღებდა და მან მე შემახვედრა ბორის ფარულავას", - აღნიშნა ლომიამ.

მისივე ინფორმაციით, ფარულავა მოგვიანებით ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს, რის გამოც რისკზე წავიდა და მას "სანდო ადამიანების" გაცნობა სთხოვა.
როგორც ლომიამ აღნიშნა, ფარულავას გადაეცა თანხა, რომლითაც მან ერთ-ერთ რესტორანში "შემთხვევითი შეხვედრის" ორგანიზება განახორციელა.

აღნიშნულ შეხვედრაზე გიორგი ლომიამ დავით ნუცუბიძე და დავით აკობია გაიცნო, თუმცა ვინაიდან გაირკვა, რომ ნუცუბიძეს კარანტინთან შეხება არ ჰქონდა, აკობიას კიდევ რამდენჯერმე შეხვდა, რის შემდეგაც ფარული კამერების მოხმარების წესები შეასწავლა.

"ვუყიდე შარვალი, რომელზეც დავამაგრეთ ღილის ფორმის ფარული კამერა, ჩავუტარე ტრენინგი და მეოთხე გადაღებაზე კამერას უკვე კარგად ფლობდა. პროცესი იმანაც გააჭიანურა, რომ აკობია სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა, ჩვენ კი პარასკევი დღე გვჭირდებოდა. როგორც იქნა, 24 აგვისტოს კარანტინის კადრების გადაღება მოხერხდა. ვიდრე კარანტინის კადრები არ გვექნებოდა, ბედუკაძის მიერ გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება იყო ძალიან საშიში, რადგან ეს იყო ბომბი მაიმუნის ხელში", - განაცხადა ლომიამ.

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ ვიდეომასალა არჩევნებზე გათვლილი არ იყო და პროცესი კარანტინის კადრების მოპოვებამ გააჭიანურა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა არ ამოეღება, რადგან სასაცილოა, როდესაც "წინა რეჟიმის" წარმომადგენლები მორალზე სხვას ესაუბრებიან.

როგორც ლომიამ აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება მთავარი პროკურორის განცხადებაც იმის შესახებ, რომ კადრები ბედუკაძემ მას გასავრცელებლად გადასცა.

"თუ გენერალურ პროკურორს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, მაშინ ან არ უნდა საუბრობდეს ამ ინფორმაციაზე, მაგრამ თუ განგებ ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას, ამას სხვა მიზეზებიდან გამომდინარე აკეთებს. ბედუკაძეს ჩემთან წამოსცდა, რომ ჰქონდა ეს კადრები, დანარჩენი კი ჩვენი ზეწოლის შედეგია. ბედუკაძეზე ათი ათეულობით ათასი ევრო დაიხარჯა, თუმცა ინფორმაციას, რომ მან დიდი თანხა მიიღო ნაღდი ფულის სახით, არც უარვყოფ და არც ვადასტურებ", - აღნიშნა ლომიამ.

მისივე ინფორმაციით, არაერთხელ იმყოფებოდა დაკითხვაზე და გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მისი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია.

"მე არ მეხებოდა არც დანაშაულის დაფარვის მუხლი. კიდეც რომ მეთქვა, რომ მე მქონდა ეს კადრები, მაგრამ გავანადგურე, ამ მუხლს მაინც ვერ მომიყენებდნენ", - განაცხადა ლომიამ.
ვლადიმერ ბედუკაძემ დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივანს, გიორგი ლომიას გადასცა.

"ჩვენ ერთად ვეძებდით გზებს ამ კადრების გამოსააშკარავებლად და ქვეყნიდან გასატანად. ეს ადამიანი დღეს თავისუფალია და არის პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი. მასალის გადაცემა მოხდა 2011 წლის სექტემბერში, თუმცა შემდეგ მისი გავრცელება ვერ მოხერხდა", - აღნიშნა ბედუკაძემ.

ბედუკაძის მიერ კადრების 2011 წლეს გადაცემის შესახებ კი, დღეს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა.