ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ქართულ ციხეებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ქართულ ციხეებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა. 

როგორც ეკა ბესელიამ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არჩევნების შემდგომ ვითარება ქართულ ციხეებში რადიკალურად შეიცვალა. მისივე ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ამნისტიის შედეგად პატიმართა რაოდენობა 60%-ით შემცირდა, ამავდროულად, პირობები საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდა. ბესელიას განცხადებით, პატიმართა დასახმარებლად კომპლექსური სამუშაოები გრძელდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა საიმედო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. მისივე ინფორმაციით, წინა წლის ამავე პერიოდთან დაკავშირებით, დანაშაულთა რაოდენობა შემცირებულია და დანაშაულის გახსნის კოეფიციენტი ორჯერ გაიზარდა.

"ყველა ის პროვოკაციული განცხადება, რომ თითქოს რაიმე საფრთხეები უფრო მეტად არის გაზრდილი დანაშაულის ზრდის თვალსაზრისით, სრულიად უსაფუძვლო და ტყუილია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი ციხის სკანდალური კადრების ავტორის ლადო ბედუკაძის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით პრემიერის მოსაზრებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვითარება დრამატულ სახეს იღებს.

"ის, რომ წამების ფაქტების მიმართ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად პრინციპულები, ეს ცალსახაა და მე პრემიერის განცხადება ძალიან კარგად მესმის. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, აქ ერთგვარი პრობლემა უკვე გაჩნდა, რადგან ამ საპროცესო შეთანხმების შეცვლის საფუძველი კონკრეტულად არის ჩამოთვლილი და მისი შეცვლა შეუძლია მხოლოდ უკვე ბრალდებულ პირს და პროკურატურას ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებულ მასალებს გამოითხოვს.

"ეს არის ძალიან პრინციპული საქმე. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ხელს დააფარებს თუკი დანაშაულია ჩადენილი. თუ გამოიკვეთება, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი ძალადობას, ზეწოლას, უკანონო ჩვენების მიღებას, ცემას, ან რაიმე სხვა ტიპის უკანონობას, ბუნებრივია, დაუსჯელი არავინ არ დარჩება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.