"ნაციონალური მოძრაობა" არჩილ კბილაშვილის გადადგომას ითხოვს

"ნაცოინალური მოძრაობა" არჩილ კბილაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს განაცხადა. 

მისივე თქმით, მთავარი პროკურორის დღევანდელმა განცხადებებმა ვლადიმერ ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა.

"კბილაშვილის დღევანდელმა პრესკონფერენციამ საზოგადოებას, პასუხების ნაცვლად, ძალიან ბევრი კითხვის დასმის საშუალება მისცა. ჩამოვაყალიბებთ ამ შეკითხვებს: კბილაშვილმა დაადასტურა ეჭვი, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხნის მანძილზე არსებობდა, რომ ციხეში ადამიანების წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩვენთვის უცნობ პირებს გადასცეს არჩევნებამდე ერთი წლის ადრე. ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ერთი წლის განმავლობაში ფარავდა ამ კადრებს, რათა ეს კადრები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა", – აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ვინც წამების კადრებს მალავდნენ, საშუალებას მისცეს ადამიანების ჯგუფს, რომ ციხეში კვლავ გაეგრძელებინათ არაადამიანური მოპყრობა.

"ჩვენ გვაქვს ასეთი კითხვა, რა კავშირია 2011 წელს ბედუკაძის მიერ ამ კადრების გამოტანასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წლის ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებას შორის, როდესაც ბიძინა იავნიშვილმა საზოგადოებას ამცნო თავისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურორისგან, დაასახელოს პირები, ვინც ამ კადრებს ფარავდა. ისინი შესაბამისად ფარავდნენ დანაშაულს და ინახავდნენ ამ კადრებს ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ეტაპისთვის. გვაქვს კითხვები, რომლებზეც კბილაშვილს არ გაუცია პასუხი. კერძოდ - რატომ დაისაჯნენ ასე მსუბუქად ბედუკაძის თანაგუნდელები", – განაცხადა დეპუტატმა. 

ნადირაშვილის თქმით, კბილაშვილის დღევანდელი პრესკონფერენციიდან ნათლად გამოჩნდა, რომ მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საერთოდ არ ჩაუტარებია გამოძიება.

"მან დღეს თქვა, რომ წამებაში მონაწილე პირებმა მიღეს უფრო მაღალი თანამდებობები, ვიდრე ეს ეჭირათ 2012 წლის არჩევნებამდე. ამ განცხადებიდან ცხადია, რომ მთავარმა პროკურორმა ვერ ან არ გაართვა თავი თავის დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ მოვითხოვთ, დადგეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. მოვითხოვთ, ჩატარდეს გამოძიება იმაზე, ჰქონდა თუ არა დანაშუალის დაფარვის ფაქტს ადგილი. როდესაც ბედუკაძესთნ გაფრომდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურორი იყო თეა წულუკიანი, შესაბამისად მოვითხოვ, რომ მან აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, მან უნდა გაათავისუფლოს კბილაშვილი," – აცხადებს ნადირაშვილი.

დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ბედუკაძესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა განცხადება გააკეთა განცხადებისთვის.

"პრემიერის განცხადება იყო განცხადება განცხადებისთვის. ეს იყო ივანიშვილის ტრადიციული ქმედება, მოიხსნას პასუხისმგებლობა და ყველაფერი დააბრალოს სხვას" – განაცხადა დეპუტატმა.