დავით საყვარელიძე:  დარწმუნებული ვარ, პატიმართა წამების ამსახველი კადრები ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში ინახებოდა

დავით საყვარელიძე: დარწმუნებული ვარ, პატიმართა წამების ამსახველი კადრები ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში ინახებოდა

მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, დეპუტატი დავით საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრები ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში ინახებოდა, - ამის შესახებ საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსს" არჩილ კბილაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი დეპუტატი აცხადებს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი პროკურორი დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავს იცავდა.

"ის შანტაჟზეც წავიდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვინაიდან რამდენიმე დღეა ვუყურებთ კბილაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, სადაც ჩართულია თეა წულუკიანი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა, რომ პრემიერს მხარს უჭერს, ყველაფერი კი ბუნებრივია პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა დაიწყო. ამიტომ ეს იყო ერთგვარი სიგნალი კბილაშვილის მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას ბოლომდე გაწირავენ, იძულებული გახდება გაამხილოს, ვის ჰქონდა ეს კადრები ერთი წლით ადრე", - განაცხადა საყვარელიძემ.

დეპუტატს ეეჭვება, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა ვლადიმერ ბედუკაძეს უანგაროდ დაეთმო, რადგან ის "ამდენად მაღალი ღირებულებების ადამიანს არ ჰგავს".
დავით საყვარელიძის აზრით, უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, რატომ არ დაიწყო გამოძიება იმაზე, ვინ ინახავდა კადრებს ერთი წლის განმავლობაში, რადგან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.

"ადამიანი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ამ კადრებს წინასაარჩევნოდ ასაფეთქებლად ინახავდა, ასევე არის ამ მძიმე დანაშაულის თანამონაწილე, რადგან ერთი წლის განმავლობაშიც აწამებდნენ პატიმრებს და ის, ვინც ამ კადრებს ინახავდა, სინდის-ნამუსს არ შეუწუხებია. ეს მწამებლებს პატიმრების წამების გაგრძელების საშუალებას აძლევდა. კბილაშვილმა დღეს გაუგზავნა სიგნალი ბიძინა ივანიშვილს, რომ ვლადიმერ ბედუკაძე არ არის ჩვეულებრივი პიროვნება, მის წინაშე ამ მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს აქვთ პოლიტიკური ვალდებულებები და მოუწოდა, ამ თემაზე საუბარი დაასრულოს და მის თანამდებობას ამ ამბავს ნუ გადააყოლებენ", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე შეფასებით, ვლადიმერ ბედუკაძე "ბევრი რამის მკადრებელი" იყო, თუმცა მთავარი ის არის, რომ გამოძიებამ გვერდი აუარა იმას, სად ინახებოდა კადრები ერთი წლის განმავლობაში.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრები ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში ინახებოდა", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.
ლადო ბედუკაძემ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში გადასცა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავარ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, ვის გადასცა ვიდეომასალა ბედუკაძემ, თუმცა ჟურნალისტებს პერიოდზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.

ამასთან, ვლადიმერ ბედუკაძემ დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივანს, გიორგი ლომიას გადასცა.