დავით უსუფაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი მკვეთრი და ფრთიანი გამონათქვამებით გამოირჩევა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი მკვეთრი და ფრთიანი გამონათქვამებით გამოირჩევა.

ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრეზიდენტ თომას ილვესის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

"პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი ნამდვილად არ არის სულელი და საკმაოდ გამოცდილი, ჭკვიანი, კოლორიტული ფიგურაა ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს შორის, რომელიც გამოირჩევა ასეთი კვეთრი და ფრთიანი გამონათქვამებით. ბოლო თვეების განმავლობაში ის ხალხი, რომელიც საქართველოსთან ინტენსიურად ურთიერთობდა და შესაბამისად, საქართველოს წინა ხელისუფლებასთან, დღევანდელ პრეზიდენტთან ინტენსიურ ურთიერთობაში იყო, არის შოკირებული იმ საკითხებით და თემებით, რომელიც მათთვის ცნობილი ხდება წინა ხელისუფლების თაობაზე. შესაბამისად, მე ვხედავ ასეთ განწყობას ევროპელ და ამერიკელ წამყან პოლიტიკოსებში, რომ თურმე, რამდენს გვატყუებდა მიხეილ სააკაშვილი. ამ განცდიდან და განწყობიდან მომდინარეობს მეორე განწყობა - რამეს ახლაც ხომ არ გვატყუებენ ქართველები ასე ფუნდამენტურად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი თომას ილვესი "კომერსანტთან" ინტერვიუში საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "საქართველოს ახალ მთავრობას სულელები ვგონივართ, მაგრამ სულელები არ ვართ".

"ტიმოშენკოს საქმე უკრაინაში არსებული სისტემის სიმბოლო გახდა. ეს უკრაინისთვის დიდი პოლიტიკური პრობლემაა. ევროკავშირში ბევრი ფიქრობს, რომ ტიმოშენკოს ბედი ესაა ლაკმუსის ქაღალდი უკრაინის დემოკრატიულ სტანდარტებთან შესატყვისობისა. ასეთი პრობლემა არ დგას მხოლოდ უკრაინაში. მე ვიცი, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა თვალყურს ადევნებს იმას, რა ხდება დღეს საქართველოში და აქვს თუ არა ახალი ხელისუფლების მხრიდან ადგილი ოპონენტებზე შურისძიებას? ისინი ამბობენ, რომ საქმე წმინდა სამართლებრივ პროცესთან გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა ცუდად გამოიყურება. თავის დროზე ხადარკოვსკის საქმემ საბოლოოდ გაწყვიტა იმედი რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით. აქამდე მიიყვანა ტიმოშენკოს საქმემ უკრაინა. ახლა საქართველოს ახალი ხელისუფლება აპატიმრებს ოპოზიციონერ საპრეზიდენტო კანდიდატს, ხოლო ჩვენ გვეუბნებიან, რომ ის არანაირი კანდიდატიც არ არის, რადგან დარეგისტრირება ვერ მოასწრო. როგორც ჩანს, ისინი სულელებად გვთვლიან, მაგრამ ჩვენ არ ვართ სულელები", - განაცხადა ილვესმა.