"მთელი პოლიციის გადაწყობა და სწავლება დღის წესრიგში მდგარი უმთავრესი საკითხია"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, "მთელი პოლიციის გადაწყობა და სწავლება დღის წესრიგში მდგარი უმთავრესი საკითხია".

"დინამო არენასთან" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ხიდაშელი განცხადებას facebook-ის თავის გვერდზე ავრცელებს.

"დასაწყისისათვის ჩემი ფუნდამენტური ხედვა ამ საკითხის მიმართ ასეთა, რომ ნებისმიერი აქცია სახელმწიფო ჩარევისაგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს და პოლიცია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს; არცერთ შემთხვევაში არ უნდა ძალადობდეს პოლიციელი, არ უნდა იგინებოდეს, არ უნდა ურტყამდეს, წიხლს არ უნდა იქნევდეს; შესაძლებელია, ეს სტანდარტი მაქსიმალურად გავავრცელოთ იმ ადამიანებზე, რომელნიც 9 წლის მანძილზე ზონდერების სწავლებით იზრდებოდნენ? - მგონია, შეუძებელია და ილუზიაა; რა არის ის, რაც დღეს შეიძლებოდა, მიღწეული ყოფილიყო და რატომ მგონია, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა "დინამოზე"? პირველი ოქტომბრის შემდეგ რისი მიღწევაც აუცილებელი და შესაძლებელი იყო ის არის, რომ შსს, მინისტრი და შესაბამისი თანამდებობის პირები სადამსჯელო ოპერაციის ბრძანებას არ უნდა გასცემდნენ და მაქსიმალურად აკონტროლებდნენ პოლიციელების ქცევის წესებს, ყოველი მსგავსი შემთხვევის შემდეგ აანალიზებდნენ და აუმჯობესებდნენ; რატომ მგონია რომ არ გვაქვს განგაშის საფუძველი ის არის, რომ სწორედ დინამოზე, ისევე როგორც მანამდე ყველა შემთვევაში, გამოჩნდა მინისტრის სრულიად მყარი ნება, რომ არ უნდა დაასახიჩრო, არ უნდა ცემო, სასტიკად არ უნდა მოექცე, მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავო და შეეცადო, ქუჩაში ძალადობის დემონსტირება მინიმალიზებული იყოს; არის ეს საკმარისი? - არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იმ სტანდარტთან, რომელიც ყველას გვინდა რომ ვნახოთ, როგორც პირველი ოქტომბრის შედეგი; ვინც დღეს ძალიან ბევრს იყვირებს იმაზე, რომ "სასტიკად დაირბა" და მსგავს ტერმინებს გამოიყენებს სულ უფრო არაადეკვატური და სუბიექტური გამოჩნდება ეს მოწოდებები და ეს ცუდია; მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრული ვიყოთ და 2013 წლის საქართველოში რომ ვცხოვრობთ, ეს გვახსოვდეს მუდამ, როდესაც უცებ იდეალური გარემოს მოთხოვნები მოგვეძალება ხოლმე; და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, მე მგონია, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: მინისტრი და პოლიტიკური გუნდი ერთგულია სწორედ იმ პრინციპების, რისთვისაც ვიბრძოდით და რაც პირობითად "სისტემა უნდა დაინგრეს" სლოგანში მოიაზრება. ეს ყველა მოქმედებაში ჩანს მოყოლებული 1 მაისის აქციიდან. პრობლემა კვლავაც რჩება ადვილზე კონკრეტული პოლიციელის მხრიდან ამ პოლიტიკური გზავნილის ზუსტად გაგებასა და რეალიზებაში და შესაბამისად, მთელი პოლიციის გადაწყობა და სწავლება არის დღის წესრიგში, როგორც უმთავრესი საკითხი ვითარების საბოლოო შედეგამდე მიყვანისათვის. ეს კი არ არის რთული და შეუსრულებელი ამოცანა ინტენსიური სწავლებისა და ახალი მომზადების კურსების სწრაფი და ეფექტური დანერგვის კვალდაკვალ. აქვე სკეპტიკოსებს გაგახსენებთ ცნობილი ფრაზას "თავშეკავების ინსტრუქციის ფარგლებში" მოქმედი პოლიციის ქმედებებზე (იხ. ეკა ზღულაძის განცხადება 15 ივნისის დარბევის შემდეგ) და გთხოვთ შეადაროთ დღევანდელობას", - წერს ხიდაშელი.