"ბურჭულაძეს წარმატებას ვუსურვებ ყველა საქმეში, თუმცა მე რა თქმა უნდა, ჩვენს კანდიდატს ვგულშემატკივრობ"

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პაატა ბურჭულაძეს წარმატებას უსურვებს ყველა საქმეში, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა.

ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ბურჭულაძეს სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავი მიულოცა.

"პაატა ბურჭულაძის სახელი და გვარი თითოეული ჩვენგანისთვის ასოცირდება სიამაყესთან და მე შეგახსენებთ, რომ ბატონი პაატას შემოქმედებითი მწვერვალები დაემთხვა საქართველოში ყველაზე მძიმე პერიოდს. მას მხოლოდ მადლობა შეიძლება, ვუთხრათ იმ ყველაფრისთვის, რაც მან სცენაზე და შემდეგ საქველმოქმედო საქმიანობით წამოიწყო და უძღვება. მე მას წარმატებას ვუსურვებ ყველა საქმეში. რაც შეეხება არჩევნებს, აქ უკვე ცოტა სხვაგვარად არის საქმე. მე, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ კანდიდატს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა. ჩვენ შევარჩიეთ ისეთი კანდიდატი, რომელიც არ დატოვებს კითხვას მოსახლეობის უმრავლესობაში, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, არ აპირებს ისაუბროს ამა თუ იმ კანდიდატის ღირსებაზე, უბრალოდ დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის უპირატესობა აშკარაა.

a