თეა წულუკიანი:  პატიმრებისგან სტრასბურგის სასამართლოში საქმეები პრაქტიკულად აღარ შედის

თეა წულუკიანი: პატიმრებისგან სტრასბურგის სასამართლოში საქმეები პრაქტიკულად აღარ შედის

არჩევნების შემდეგ, პატიმრებისგან სტრასბურგის სასამართლოში პრაქტიკულად საქმეები აღარ შედის, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" პრეზენტაციისას განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ქართველი პატიმრებისგან სტრასბურგის სასამართლოში თითზე ჩამოსათვლელი საჩივრები შედის, რაც განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. თეა წულუკიანის თქმით, საჩივრების შემცირება გამოიწვია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში გადადგმულმა ნაბიჯებმა, ასევე შს სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში გახორციელებულმა რეფორმებმა და პარლამენტის მიერ გამოცხადებულმა ფართომასშტაბიანმა ამნისტიამ.

"ამ ამნისტიას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ მე მას დღესაც მივესალმები. რა თქმა უნდა, ალბათ, იყო რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანის შეცდომა, მაგრამ რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებულ სავარაუდო შეცდომას, ალბათ არ უნდა გადავაყოლოთ ის მრავალი ადამიანი, რომელიც იმსახურებდა გარეთ გამოსულიყო. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც პირველად გაბედა და გამოიყენა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. არ შეიძლება ამ გამბედაობას არ მიესალმო, როდესაც ხარ ის მთავრობა, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.