ირაკლი ღარიბაშვილი:  აუცილებელია, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახალი სტანდარტები დაინერგოს

ირაკლი ღარიბაშვილი: აუცილებელია, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახალი სტანდარტები დაინერგოს

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამართალდამცავების მხრიდან ადამიანის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოყრობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის ერთჯერადი ქმედებები საკმარისი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ-ში" ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის "ადამიანის უფლებები - ციხეებსა და გადახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" პრეზენტაციისას განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, შსს-ში მიმდინარე რეფორმები მიმართულია უწყებაში ადამიანის წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრისაკენ. მისივე განმარტებით, ამ მიზნით შემუშავდა ეთიკის ახალი კოდექსი, ასევე შემუშავდა მოკლევადიანი განვითარების სტრატეგია, ყურადღება დაეთმო პოლიციელების განათლებას, ადამიანის უფლებების დაცვას დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ღარიბაშვილის განმარტებით, პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი.

"პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გამოსასწორებელი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამართალდამცავების მხრიდან ადამიანების წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის ერთჯერადი ქმედებები არ არის საკმარისი. ამას სჭირდება პერმანენტული მუშაობა. იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ დროებითი მოთავსების იზოლატორში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა, აუცილებელია დაინერგოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმის ახალი სტანდარტები", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შსს-ში აქამდე არ არსებობდა დროებითი მოთავსების იზოლატორის პერსონალის გადამზადების სისტემური მიდგომა. ღარიბაშვილის განმარტებით, სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის განხორციელება.