ვლადიმერ ბედუკაძე - პატიმართა წამების ამსახველი კადრები გასავრცელებლად გიორგი ლომიას გადავეცი

ვლადიმერ ბედუკაძე - პატიმართა წამების ამსახველი კადრები გასავრცელებლად გიორგი ლომიას გადავეცი

ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრები გასავრცელებლად გიორგი ლომიას გადასცა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ბედუკაძე განუცხადა.
მისი თქმით, ეს საიდუმლო ინფორმაცია არ არის და ამის შესახებ განცხადება სასამართლოშიც გააკეთა.

"ჩვენ ერთად ვეძებდით გზებს ამ კადრების გამოსააშკარავებლად და ქვეყნიდან გასატანად. ეს ადამიანი დღეს თავისუფალია და არის პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი. მასალის გადაცემა მოხდა 2011 წლის სექტემბერში, თუმცა შემდეგ მისი გავრცელება ვერ მოხერხდა", - აღნიშნა ბედუკაძემ.

განცხადება ვლადიმერ ბედუკაძის მიერ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების ვადებზე დღეს მთავარმა პროკურორმა გააკეთა. არჩილ კბილაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გადასცა ვიდეომასალა ბედუკაძემ, თუმცა ჟურნალისტებს პერიოდზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, 2011 წლის სექტემბერში ცვლილებების არავითარი პერსპექტივა არ ჩანდა და ბედუკაძეს "პოლიტიკურ შეღავათზე გათვლა ვერ ექნებოდა".