"შს მინისტრი თვლის, რომ მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება მისი უწყების ღირსების საქმეა"

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება მისი უწყების ღირსების საქმეა.

როგორც კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ის და შს მინისტრი გუშინ ერთად მსჯელობდნენ ამ ფაქტის შესახებ.

კბილაშვილმა პირველ რიგში, მიქაუტაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა.

"ჩემი წუხილი მას შემდეგ გაძლიერდა, როცა ამ ადამიანის შესახებ მხოლოდ დადებითის მოსმენა მოგვიხდა. მართალია, ყველა ადამიანის გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უფრო სამწუხაროა, როდესაც კარგი და ღირსეული მოქალაქე გარდაიცვლება. ჩვენ ვიმსჯელეთ, ხომ არ წამოგვეღო ეს საქმე მთავარ პროკურატურაში, თუმცა ღარიბაშვილის პირადი პოზიციაა, რომ ის როგორც მოქალაქე და ადამიანი თვლის, რომ ამ ფაქტის გამოძიება მისი უწყების ღირსების საქმეა, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და რომ ამ საქმის გამოძიების არავითარი შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს. ღარიბაშვილი არის მინისტრი, რომელმაც თავისი პირველი მოადგილეც კი დააკავა. გამოძიება იქნება გამჭვირვალე და ყველა ფაქტი განსაჯაროვდება", - განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, საქმე დარჩება შს სამინისტროს გენინსპექციაში, თუმცა პროკურატურა ზედამხედველობას მაინც ახორციელებს.

"წინასწარ პროგნოზებს ნუ გავაკეთებთ, დღეს იქნება ექსპერტიზის დასკვნა. გამოძიების შედეგი სავარაუდოდ, მალე დადგება", - განაცხადა კბილაშვილმა.