"ჩემი შემცვლელების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სასიამოვნოდ მოარული ამბებია, რომელიც ყურთასმენას ახალისებს"

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მისი შემცვლელების შესახებ გავრცლებულ ინფორმაციას "სასიამოვნოდ მოარულ ამბებს" უწოდებს, რომელიც ყურთასმენას ახალისებს.

ასე უპასუხა კბილაშვილმა ჟურნალისტის იმ კითხვას, რომლის თანახმადაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კბილაშვილის შემცვლელებზე და მათ შორის, მაია მწარიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი და სხვები სახელდებიან.

"მსგავს მოსაზრებებს ხშირად ვისმენ, ჩემი თანამდებობა დროში გაწერილი არ არის, მთავარი პროკურორის დამტკიცება ხდება იუსტიციის მინისტრის წარდგინებით და მას პრეზიდენტი ამტკიცებს. მე ყოველდღე მზად ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება დადგეს, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სასიამოვნოდ მოარული ამბებია, რომელიც ყურთასმენას ახალისებს. ისე, ყველა ღირსეული კანდიდატი დაასახელეთ", - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ბედუკაძესთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია, პროკურორის განმარტებით, გაერო-ს კონვენცია, რომელიც წამებას კრძალავს, წევრ-სახელმწიფოებს ავალებს, რომ წამება დასჯადი შიდა კანონით გახადონ და მცდარია ის მოსაზრება, რომ ამით ინდივიდუალური საქმეების მოწესრიგება ხდება.