კბილაშვილმა საზოგადოებას პატიმართა სასტიკი მოპყრობის მეთოდები გააცნო

კბილაშვილმა საზოგადოებას პატიმართა სასტიკი მოპყრობის მეთოდები გააცნო

მთავარი პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებას პატიმართა სასტიკი მოპყრობის მეთოდები გააცნო.

როგორც კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო სისტემური გამოძიება სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში და დაკითხულ იქნა 2300 პატიმარი.

"მე მაქვს ხელთ პატარა ამონარიდი, ანალიტიკური დასკვნა იმ ჩვენებების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული, რომელიც 2300 პატიმრის ჩვენების საფუძველზე გაკეთდა და მე თქვენ ჩამოგითვლით მეთოდებს, რომლითაც ხდებოდა პატიმართა მიმართ მოპყრობა საერთოდ საქართველოში, უკლებლივ ყველა დაწესებულებაში. ესენია - მაგალითისათვის, ცემა, წამება, არაჰუმანური მოპყრობა ჯგუფურად, შეუჩერებლად, მრავალჯერ, უმიზეზოდ, სასტიკად, რეზინის ხელკეტით, კრივის ხელთათმანით, სავარჯიშო ბალიშით, ერთი მეტრი მილის წყლის პლასტმასის მილით, ორლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით, წამება ელექტროშოკით, სილის ჭამით, წყლით სავსე ჭურჭელში თავის ჩაყოფით, ბორკილდადებული პატიმრების ცემით, რომელთაც აბამდნენ ტრენაჟორებზე, ხელფეხშეკრულს საათობით ჰკიდებდნენ სავარჯიშო ძელზე, ახდენდნენ აღნიშნული ფაქტების ვიდეოგადაღებას; პატიმრებს საათობით ამყოფებდნენ წვიმასა და თოვლში ღია ცის ქვეშ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანისთანავე თვითმხილველთა თანდასწრებით თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხმამაღალი სიცილის, პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში და ა.შ. ხდებობდა პატიმართა მასობრივი დასჯა. წამლის მოთხოვნის გამო ხდებოდა მათი სასტიკად ცემა. ადგილი ჰქონდა კბილების ჩამტვრევის, ნეკნების დაზიანების არაერთ შემთხვევას. ბანაობის დროს სისტემატიურად უწყვეტდნენ წყალს და ადამიანები რჩებოდნენ საპნიანები. აბანოში ხშირად მხოლოდ ცხელ ან ცივ წყალს უშვებდნენ. აიძულებდნენ ცხელი კერძები რამდენიმე წამში ეჭამათ, ვინც ვერ ასწრებდა, აღვრევინებდნენ დარჩენილ საჭმელს და რჩებოდნენ მშიერი. დასჯის მიზნით მშიერ პატიმარს აყენებდნენ კუთხეში. იყო გაუპატიურების და გაუპატიურების მუქარის ფაქტები", - განაცხადა კბილაშვილმა.