"ბედუკაძის მიერ ვიდეოების გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრაქტიკულად წამება შეწყდა"

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ვიდეოების გავრცელებით "საზოგადოებამ ნახა სარგებელი იმით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამება შეწყდა". 

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"სასამართლო დავის დასრულების წინ ერთ-ერთ პირთან ვლადიმერ ბედუკაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება განაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რომელის საფუძველზეც იგი გათავისუფლებულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. მე მინდა, საკითხის ირგვლივ გამოვყო ორი ფაქტორი: წმინდა სამართლებრივი, ფორმალური მხარე და შინაარსობრივი ასპექტი, რომელიც იმ უფლების გამოყენებას დაედო საფუძვლად. ფორმალურად საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილი მთავარ პროკურორს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ დანაშაულზე გამოიყენოს განსაკუთრებული უფლებამოსილება და პირი გაათავისუფლოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, სასჯელისაგან. ფორმალური თვალსაზრისით, მთავარი პროკურორის უფლება მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ბედუკაძესთან მიმართებაში, კანონით გათვალისწინებულია და ამდენად საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა გადაწყვეტილება კანონიერი, არ დგას. ამის იქით, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია შინაარსობრივი ასპექტი, თუ რა გარემოებები გახდა გადამწყვეტი იმისა, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება ამ უფლებით სარგებლობაზე. იმ დოკუმენტში, რომელსაც მე ხელი მოვაწერე, ჩამოთვლილია ის დანაშაულებრივი ეპიზოდები, რომელშიც ვლადიმერ ბედუკაძემ მიიღო მონაწილეობა. ასევე აღვწერეთ ის გარემოებები, რამაც მე გადამაწყვეტინა მისი პასუხიმგებლობისგან გათავისუფლება. პირველ რიგში, სარგებელი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, სამართალდაცვითმა ორგანოებმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მიიღო იმ ვიდეომასალების გავრცელების შედეგად – ეს იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც ეს ვიდეომასალები გამოქვეყნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრაქტიკულად შეწყდა ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა და შეიძლება ითქვას, რომ ათასობით პატიმარი, რომელიც შეიძლებოდა მომავალში დაქვემდებარებოდა იმგვარ ქმედებებს, რაც ვიდეოებში არის ასახული, გადარჩა და მათ მსგავსი ბედის გაზიარება აღარ უწევთ. ეს ყველაზე დიდი დამსახურებაა, რაც ამ გავრცელებულმა ვიდეომასალებმა წარმოშვეს", - განაცხადა კბილაშვილმა.