თვის ბოლომდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება

თვის ბოლომდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია, კანონი, ის ჩარჩოა, რომელშიც პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები უნდა მოაქციონ. 

"საქართველოში პოლიტიკური პროცესი ცივილურ ჩარჩოში უნდა მოექცეს და ასე უნდა ვიცხოვროთ, იმის მიუხედავად, თუ რას ვფიქრობთ ერთმანეთზე და რას ფიქრობს ჩვენზე ხალხი", - აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ის საგაზაფხულო სესიის შედეგებს აჯამებს და ჟურნალისტებს რიგგარეშე სესიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, მასსა და უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ კონსულტაციებზე ისაუბრა. ამ მოლაპარაკების დროს დასმულ საკითხებზე საუბრისას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თვის ბოლომდე შეიქმება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ფუნდამენტურ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

მისივე თქმით, შედგა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პროცესში გაკეთდება ყველაფერი, რათა არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს.

გარდა ამისა, კონსულტაციებისას საუბარი შეეხო ამნისტიის თემას, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და საკუთრივ წინასაარჩევნო პერიოდში კონტროლის პალატის მიერ გატარებულ ზომებს შეეხო.

"შევთანხმდით, რომ ეს ამნისტია უნდა შესრულდეს ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ" , - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.