ბაჩო ახალაიას ადვოკატი მთავარ პროკურატურას მიმართავს

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მთავარ პროკურატურას მიმართავს

ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი მოითხოვს, რომ პროკურატურამ გამოიძიოს ბრალდების მხარის მოწმის, ლევან სუთიძის განცხადება, მის გატაცებასთან და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. 

როგორც ონიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სუთიძემ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, რითაც პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

"სუთიძემ სასამართლო პროცესზე ისაუბრა გატაცებაზე. მან განაცხადა, რომ "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გაიტაცეს, წაიყვანეს წყნეთის ტყეში და იქ ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ.

სუთიძის თქმით, მას ეუბნებოდნენ, რომ გაახსენებდნენ ყველაფერს რაც არ ახსოვდა. ამის შემდეგ მას ტელეფონი გადაუგდეს, ტყეში ჩამოაგდეს და იქ დატოვეს. მოგვიანებით მან ტელეფონი იპოვა და მეგობარს დახმარება სთხოვა. აღნიშნული მან სასამართლოზეც განაცხადა. მივმართავთ მთავარ პროკურატურას, რომ აუცილებლად დადგინდეს სიმართლე აღნიშნულთან დაკავშირებით და გამოძიებულ იქნას ეს საკითხი", – განაცხადა ონიანმა.

მისივე თქმით, დღესვე პროკურატურაში განცხადებასთან ერთად შეიტანს იმ ვიდეო ჩანაწერს, რომელშიც ასახულია სასამართლო პროცესზე სუთიძის ჩვენება გატაცებასთან დაკავშირებით.