ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დინამო არენასთან" მომხდარ ინციდენტზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. 

მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

"მე მოვისმინე ბრალდება, რომ ჩემმა მესაზღვრეებმა, შსს-მ და პირადად მე შემოვუშვით რუსი ოკუპანტების წარმომადგენელი დეპუტატი. მინდა, შევახსენო ყველას და მათ შორის, პრეზიდენტს - აგვისტოს ომის შემდეგ დუმის 5 დეპუტატი, მათ შორის "ედინაია რასიას" წარმომადგენელი იყო ჩამოსული. მაქვს ლოგიკური შეკითხვა, თუ სპორტულ ღონისძიებაზე ჩამოსული დეპუტატი ქმნის პრობლემას საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მაშინ რატომ არ უქმნიდა 5 დეპუტატი პრობლემას წინა ხელისუფლებას" ,– აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მინისტრი "დინამო არენასთან" სამი ახალგაზრდის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ახალგაზრდება პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ტყულია, თითქოს ეს ახალგაზრდები დააკავეს იმის გამო, რომ აგინედბენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ოკუპანტებს, ითხოვდნენ აფხაზეთის გათავისუფლებას ოკუპანტებისგან. ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩვენი ხალხისა და თითოეული პოლიციელის. ეს პოლიციელები იბრძოდნენ აგვისტოს ომში და ამ პოლიციელებს ძალიან უცენზურო სიტყვებით საშინლად, დამამცირებლად მიმართავდნენ ეს ახალგაზრდები. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია ისინი აგინებდნენ პოლიციელებს და პოლიციას. ჩვენ არ დავუშვებთ და არ ვაპატიებთ პოლიციელების შეურაცხყოფას. ვწუხვარ, რომ მოვისმინე პრეზიდენტის ეს განცხადება. ეს იყო შეურაცხყოფა ჩვენი სამინისტროსი და თითოეული პოლიციელის. ჩვენ, პირველ რიგში, ვიცავთ კანონს. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს კანონს, ჩემთვის პრეზიდენტი არ არის კანონი, " – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების მიერ გამართული საპროტესტო აქცია "100 %-ით გამართლებული" იყო. მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება არ შეიძლება, თუკი გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა და ქვეყნის სიყვარული, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ჩამოსვლა და თავისუფლად გადაადგილება ჩვენს ტერიტორიაზე. მეორე – სტადიონთან მისული იყო ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც კანონის და კონსტიტუციის დაცვით აპროტესტებდა ამ სუბიექტის საქართველოში ვიზიტს. სამართალდამცველებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა და აღკვეთეს მათი კონსიტუტიციური უფლება, გაემართათ მშვიდობიანი აქცია. საქმე გვქონდა პოლიციის მხრიდან პოლიტიკური შინაარსის ქმედებასთან. ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი იყოს გაშვებული. ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული, არსებობს რაღაც წესები, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.