ფარულ ჩანაწერებსა და უკანონო მოსმენებებზე

ფარულ ჩანაწერებსა და უკანონო მოსმენებებზე "ამნისტიის შესახებ" პროექტს იურიდიული კომიტეტი განიხილავს

ფარულ ჩანაწერებთან და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ "ამნისტიის შესახებ" პროექტს დღეს, პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. პროექტის ავტორი და ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა. პროექტი "სისხლის სამართლის კოდექსის" 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ამნისტირებას ითვალისწინებს.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ ინფორმაციას.

ამნისტია გავრცელდება პირებზე, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს. კერძოდ, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლი კი შეეხება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას, კერძოდ, პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ან ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათისთვის არის დანიშნული.