მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გუშინ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი, ასევე მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლები დაიკითხნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად 8 თანამშრომელია გამოკითხული, ასევე გამოკითხული არიან მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლები. ამ ეტაპზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება აღნიშნულ საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართაც", - აღნიშნა გიორგობიანმა.

მამუკა მიქაუტაძე რამდენიმე დღის წინ, მეგობართან ერთად დააკავეს. არსებული ინფორმაციით, თბილისის მთავარ სამმართველოში მისი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, იქიდან გამოსულმა კი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც პირის თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს. დაღუპულის ოჯახის მტკიცებით, სუიციდამდე მამუკა მიქაუტაძემ მათ განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს.