ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს სასცენო მოღვაწეობის 35-ე წლის იუბილეს ულოცავს

ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს სასცენო მოღვაწეობის 35-ე წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს სასცენო მოღვაწეობის 35-ე წლის იუბილეს ულოცავს და შემოქმედებით წარმატებას უსურვებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანადან" აცნობეს.

იუბილსესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს მისალოც წერილს უგზავნის, რომელშიც მას საქართველოს საამაყო შვილს უწოდებს.

"დღეს მთელი საქართველო და მსოფლიო საოპერო საზოგადოება თქვენი სასცენო მოღვაწეობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. ძნელად თუ მოიძებნება კაცი, რომელსაც თავისი ერის ესოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს. თქვენ თქვენი შემოქმედებით მსოფლიოში გაუთქვით სახელი ჩვენს ქვეყანას, უდიდესი აღიარება მოიპოვეთ და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინეთ ყველგან. ჩვენ ვამაყობთ, რომ მსოფლიო ბანი, ოპერის ვარსკვლავი – პაატა ბურჭულაძე ჩვენი ქვეყნის შვილია.

იყო მსოფლიოს უდიდესი ხელოვანი – რჩეულთა ხვედრია, მაგრამ თქვენ კიდევ ერთი უდიდესი ნიჭით ხართ დაჯილდოებული და ეს მოყვასის თანადგომის ნიჭია. თქვენ გვერდში უდგახართ უამრავ ჩვენს თანამემამულეს და ძალ-ღონეს არ იშურებთ მათ დასახმარებლად. თქვენი ინიციატივით გამართული საქველმოქმედო კონცერტების დროს ჩვენ არაერთი ადამიანის ბედნიერებისა და სიხარულის მომსწრენი გავხდით.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ შემოქმედებითი წარმატება, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ პაატა ბურჭულაძისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში, რომელიც ფონდმა "იავნანამ" მოგვაწოდა.