ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა ახლებურად დარეგულირდეს

ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა ახლებურად დარეგულირდეს

ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა ახლებურად დარეგულირდეს. ამას "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილბების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც ხვალ, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს. 

მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე ავტომანქანას არ იბრუნებს ან ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა დაუდგენელია, პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ.

პარლამენტში ინიცირებული პროექტით, პროკურორს დაეკისრება ვალდებულება, ორივე შემთხვევაში - როცა მესაკუთრე მანქანას არ იბრუნებს, ან უცნობია მისი ვინაობა, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, ხოლო სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, შეაფასებს საქმის გარემოებებს, პროკურორისა და დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ან იმ პირისთვის გადაცემის შესახებ, რომელმაც შეიძინა ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება და შეძენის მომენტისთვის არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს არსებული ვადების ახლებურად განსაზღვრას.

ამავდროულად, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" 80-ე მუხლში კონკრეტდება სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვისა და მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი და სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების უფლება მიეცემა პროკურორთან ერთად დაინტერესებულ პირს, სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 48 საათში.
გარდა ამისა, კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, 2013 წლის 1-ელ ივლისამდე დაწყებული გამოძიების შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (მფლობელი) დადგენილ ვადაში არ დაიბრუნებს სატრანსპორტო საშუალებას, ასევე თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, გამოძიების სტადიაზე გამომძიებლის დადგენილებით, ხოლო სასამართლოში – სასამართლოს განჩინებით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდება იმ პირს, რომელმაც შეიძინა იგი და შეძენის მომენტისთვის არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

კანონპროექტის ავტორისა და ინიციატორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განმარტებით, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სისხლის სამართლის საქმეებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამოღება ხდებოდა და მათი უკან დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არის გაწერილი პროცედურები, რომელიც გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზს ქმნის. "ოფიციალურად 300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული და წარმოებაში მიმდინარე" - აღნიშნა ბესელიამ.