მიხეილ სააკაშვილი:  საზღვარზე მონიტორინგს მივაღწიეთ იმიტომ, რომ რუსეთს თავი არ დავუხარეთ და მაგრად დავდექით

მიხეილ სააკაშვილი: საზღვარზე მონიტორინგს მივაღწიეთ იმიტომ, რომ რუსეთს თავი არ დავუხარეთ და მაგრად დავდექით

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საკითხს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნულით რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისო საზღვრების აღიარება ხდება.

"დღეს გამოცხადდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე შემოდის საერთაშორისო მონიტორინგი იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში მივაღწიეთ. იცით რატომ მივაღწიეთ?! იმიტომ, რომ არ დავუხარეთ თავი, დავდექით მაგრად, ჩავრთეთ შეერთებული შტატები და მეგობრები. საერთაშორისო მონიტორინგის შემოღებით რუსეთმა 2008 წლის შემდეგ პირველად, ფაქტობრივად და იურიდიულად აღიარა საქართველოს საერთაშორისო საზღვრები. სწორედ ამ ხელშეკრულებით არის რუსეთი ვალდებული, ბაზარზე შეიტანოს ქართული პროდუქცია. ასევე, გვამადლიან, რეისები გავხსენითო, რეისები გახსნილი იყო", - განაცხადა სააკაშვილმა ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრაზე.

მისივე შეფასებით, საქართველო ყოველთვის რეფორმებისა და წარმატების ექსპორტიორი იყო და ეს იყო მთავარი ფაქტორი, რაც რუსეთს აღიზიანებდა.

"ბოლო წლებში საქართველო გახდა მსოფლიო ფაქტორი, საქართველო გახდა ქვეყანა, რომელსაც იცნობენ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა კუთხეში. ესაა ბოლო წლების მიღწევა და მუშაობის შედეგი. ჩვენ ვიყავით რეფორმებისა და წარმატების ექსპორტიორები, რისი მოკვლაც ახლა უნდათ საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მისი ფულით ხელდასმულ პოლიტიკოსებს. ეს იყო ყველაზე მეტად რაც აღიზიანებდა რუსეთს საქართველოში. მთავარი ფაქტორი იყო არა რიტორიკა, რაც ყოველთვის მოზომილი გვქონდა, არამედ სწორედ წარმატების ფაქტორი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ეს გზა და იყოს თავაწეული, ღირსეული ქვეყანა. საქართველო არ შეიძლება იყოს თავჩაქინდრული, არაფრისმაქნისი ქვეყანა. კუთხეში არაკეთილმოსურნე ყოველთვის გვიპოვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.