გამომძიებლები დღეს მამუკა მიქაუტაძის მეუღლეს დაკითხავენ

გამომძიებლები დღეს მამუკა მიქაუტაძის მეუღლეს დაკითხავენ

გამომძიებლები დღეს მამუკა მიქაუტაძის მეუღლეს, ზიზი ეძგვერაძეს დაკითხავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დაკითხვა მიქაუტაძეების სახლში, 18:30 საათისთვის შედგება. "დაკითხვის პროცესს ჩვენი ადვოკატი დაესწრება. ჩემი ინფორმაციით, გამომძიებელი თავად მივა მიქაუტაძეების სახლში და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჟესტი მისასალმებელია. კარგია, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ქალი, თავად არ მიიყვანეს საგამოძიებო უწყებაში", - აღნიშნა კოჟორიძემ.

საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ქმრის გაუჩინარების შემდეგ ზიზი ეძგვერაძე დახმარებისთვის 112-ის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა, ოპერატორმა გოგონამ ურჩია, რომ მეუღლის ძიება თავად გაეგრძელებინა.

"მამუკა მიქაუტაძის მეუღლემ მითხრა, რომ როცა ქმარს ელაპარაკა და მისგან გაიგო რას აპირებდა, 112-ში დარეკა და დახმარება სთხოვა. გოგონამ, რომელმაც ტელეფონზე უპასუხა, ჯერ გამოკითხა, თუ სად იმყოფებოდა და სად შეიძლებოდა წასულიყო მისი მეუღლე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ზიზი ეძგვერაძემ ვითარება აუხსნა და უთხრა, რომ მამუკა მიქაუტაძე სავარაუდოდ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, ოპერატორმა ურჩია, თავად გაეგრძელებინა მისი ძებნა. ეს სამსახური იმისთვისაა შექმნილი, რომ ყველა ზარს მიაქციოს ყურადღება. ეს უნდა გადამოწმდეს, ეს ამბავიც შეიძლება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებს შეიცავდეს", - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.

კახა კოჟორიძის განმარტებით, მსგავსი ტიპის შემთხვევას ჰქონდა ადგილი თავად თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოძრავ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ეკიპაჟთან დაკავშირებითაც, რომელსაც მიქაუტაძის მეუღლემ დახმარება სთხოვა.

"როცა ზიზი ეძგვერაძე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე პატრულს შეხვდა და აუხსნა, რომ მეუღლეს ეძებდა, სამართალდამცველებმა დაუწყეს დამშვიდება და დარწმუნება, რომ "ამას" არ გააკეთებდა, გამოკითხეს, რატომ ფიქრობდა, რომ თავს მოიკლავდა და ა.შ. ამ პროცედურებში, დოკუმეტების შედგენაში თითქმის 2 საათი გავიდა. ამის შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ ხეზე ახალგაზრდა მამაკაცი იყო ჩამომხრჩვალი. ვინ იცის, მაშინვე რომ დაეწყოთ ძებნა, შესაძლოა ამ შედეგამდე არ მივსულიყავით. ესეც შეიძლება დანაშაულის ნიშნების მატარებელი იყოს", - განმარტა კოჟორიძემ.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, გელა მანჯავიძე, რომლის საქმეზეც მამუკა მიქაუტაძე მოწმის სახით დაკითხეს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. "გუშინ მის საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა. ის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა", - აღნიშნა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ.