რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში მცხოვრები ზურაბ სალამაშვილი მეორე დღეა, ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული. 

სოფლის პერიმეტრზე მავთულხლართები რუსმა სამხედროებმა რამდენიმე თვის წინ გააკეთეს, რის გამოც, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ზურაბ სალამაშვილი ფორმიანებმა სოფლის განაპირას არსებული მინდვრიდან, ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, რუსი სამხედროები ე.წ საზღვარს ყოველდღიურად თავად არღვევენ და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. ჯერჯერობით ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაწესებული საჯარიმო თანხის მოთხოვნით სალამაშვილის ოჯახს არავინ დაკავშირებია.