კონსტანტინე კუბლაშვილი:  სასამართლო გადაწყვეტილებები მიტინგების ფონზე ვერ შეიცვლება

კონსტანტინე კუბლაშვილი: სასამართლო გადაწყვეტილებები მიტინგების ფონზე ვერ შეიცვლება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლო სისტემისა და ცალკეული მოსამართლეების შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური სახე მიიღო. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა უხამსი სიტყვებით მოიხსენიეს მისი პირველი მოადგილე და კონკრეტულ მოსამართლეს მიღებული გადაწყვეტილების გამო შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის მერმაც.

"პოლიტიკური ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს დისკრედიტაციის პირდაპირი მცდელობა, შეურაცხყოფა, მიუღებელი და დაუშვებელია. ის ძირს უთხრის სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და განვითარების პერსპექტივებს. ასეთი შეურაცხყოფა არის პირდაპირი ზეგავლენის და ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში. კატეგორიულად ვამბობ, ისინი ამით საბოლოო შედეგს ვერ მიიღებენ, მაგრამ ძირს უთხრიან სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას. აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც ამას აკეთებენ ხელისუფებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. სასამართლოს გადაწყვეტილებების კრიტიკა შესაძლებელია ცივილიზებულ ჩარჩოებში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი ისმის არაცივილიზებული, უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელი კრიტიკაა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები მიტინგების ფონზე ვერ შეიცვლება. იგი უნდა გასაჩივრდეს და მხოლოდ ასე შეიძლება შეიცვალოს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაზე პოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოც დააფიქსირებს, რადგან აუცილებელია, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებიდან მოსამართლეების შეურაცხყოფა გამოირიცხოს.

"ცივილიზებული კრიტიკით საზოგადოება ვითარდება, მაგრამ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ გადაწყვეტილებას იღებს და ცვლის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო", - აღნიშნა კუბლაშვილმა.