"დინამო არენასთან" დაკავებულ პირებთან დაკავშირებით სასამართლოს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს

გუშინ "დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით სასამართლოს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია , - ამის შესახებ "დინამო არენასთან" დაკავებულების ადვოკატმა გიორგი ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო დადგა სწორ პოზიციაზე, რუსეთისთვის "ოკუპანტის" შეძახილი არ ჩათვალა სამართალდარღვევად და ამის გამო არ დააჯარიმა სტუდენტები.
მისი თქმით, მათ ჰქონდათ უტყუარი მტკიცებულებები, სადაც დაკავებული პირების ბრალეულობა არ იკვეთებოდა.

"ამის შემდეგ მოსამართლემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შესთავაზა, რომ გაეწვიათ უკან შუამდგომლობა, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ხვალ 16:00 საათამდე შეძლებენ რაიმე მტკიცებულების წარმოდგენას. სასამართლომ მას ამის ნება დართო", - აღნიშნა გიორგი ონიანმა.

"დინამო არენასთან" გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო სამი ახალგაზრდა დააკავეს. ისინი ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრები არიან. დაკავებულები იყვნენ ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ მოთავსებული. დღევანდელ სასამართლოს სხდომამდე კი ისინი გათავისუფლდნენ. სასამართლოს სხდომა ხვალისთვის იმ მოტივით გადაიდო, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.