სამწუხაროა, როდესაც პატრიოტებს უშვებენ

სამწუხაროა, როდესაც პატრიოტებს უშვებენ "კაპეზეში" და რუს დეპუტატებს - საქეიფოდ რესტორანში

სამწუხაროა, როდესაც პატრიოტებს უშვებენ "კაპეზეში" და რუს დეპუტატებს საქეიფოდ რესტორნებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ დღეს საქალაქო სასამართლოში "დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული პირების სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, სამწუხაროა ის კაპიტულანტური პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება თავს ახვევს საზოგადოებას.

"სამწუხაროა, რომ ვაჟკაცი პატრულებიც გახვიეს ამ სიბინძურეში და იმას აკეთებენ, რისი გაკეთებაც არ სურთ. გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია ოკუპანტების, რუსეთის დუმის იმ დეპუტატების წინააღმდეგ , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებაში", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.

მისივე განცხადებით, გუშინ ხელისუფლებამ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატები ტაშფანდურით მიიღო და ამხანაგურ თამაშზე უმასპინძლა.

"გაუგებარია ვის ვეამხანაგებით. ვინც ტერიტორიის 20% წაგვართვა მათ ვეპატიჟებით ამხანაგურ თამაშეზე? სამარცხვინოა", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.