მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. მარაბდა-კარწახის რკინიგზის დირექტორი ირაკლი წულაია პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რკინიგზის მშენებლობა ართუ შეფერხებით, არამედ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.

წულაია აცხადებს რომ პრეზიდენტი მშენებლობის დასათავლიერებლად არასამუშაო დღეს სპეციალურად ჩავიდა.

"პრეზიდენტი ჩავიდა კვირა დღეს იმ იმედით, რომ დახვდებოდა სამუშაო წარმოების დაბალი ტემპი. ვინაიდან სამუშაოები დახვდა აქტიურ ფზაში, ვიდეომიმართვა კოჯრის ტყის ფონზე გააკეთა. თუმცა, ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელება მაინც მოახერხა და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაციას შეეცადა. პრეზიდენტის განცხადება, თითქოს მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტს სერიოზული ფინანსური შეფერხებები აქვს და, თითქოს ქართულ მხარეს აზერბაიჯანულ მხარესთან აქვს გარკვეველი კითხვები, არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. კითხვების ადრესატია არა ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები, არამედ წინა მმართველობა, რომლებსაც ბრალი ედებათ მილიონობით ლარის მითვისება –გაფლანგვაში.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, დეტალები გასაჯაროვდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ქულების დასაწერად",-აცხადებს წულაია.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 2012 წლის ოქტომბრამდე გაფლანგულ თანხებზე და იმ კომპონენტს ეხება, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებდა.

ირაკლი წულაია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტი დაიწყო, 4 წლის განმავლობაში მთლიანი სამუშაოების მხოლოდ 28 % იყო შესრულებული. დანარჩენი სამუშაოების შესრულებას კი რკინიგზის ადმინისტრაცია 2014 წლის ბოლომდე ვარაუდობს. ამასთან, ირაკლი წულაია აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება, თითქოს პროექტი მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე უნდა დასრულებულიყო, არარეალური და ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

"დღეის მდგომარეობით გახსნილია 12 სამუშაო ფრონტი, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში ყოფნის დროს გახსნილი იყო - ოთხი. რკინიგზის ხელმძღვანელობა შეიცვალა 2013 წლის იანვარში. მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ არსებული სიტუაცია, დაიგეგმა, რომ სავარაუდოდ პროექი დასრულდება 2014 წლის დეკემბერში. ასევე, შეთანხმებაა მიღწეული ავღანურ ტვირთებან დაკავშირებითაც. ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს დაევალათ ურთიერთკოორდინაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა ავღანური ტვირთები მარაბდა-კარწახის რკინიგზის მეშვეობით მისაღებად მზად ვიყოთ", - განაცხადა წულაიამ.

მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხელმძღვანელი დღეს პროექტში დასაქმებული მუშების ხელფასების თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინიმალური ხელფასი 800 ლარია, ხოლო მმართველობის შეცვლამდე მუშების ხელფასი 400-500 ლარს შეადგენდა.

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ახალქალაქში, რკინიგზის სადგურის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რის შემდეგაც განაცხადა - ბინძური თამაშია ის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეფერხდა, ხოლო აფხაზეთის გავლით რკინიგზა იხსნება, რაც საქართველოს ევროპაში გასვლას ხელს უშლის.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო ვადის დასრულებას სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის გახსნით აპირებდა.

"იმის გამო, რომ სერიოზული შეფერხებებია დაფინანსებაში, იმის გამო, რომ ბევრი გაურკვეველი საკითხი წარმოიქმნა უცებ აზერბაიჯანულ მხარესთან, ამ რკინიგზის დასრულება წელს ვეღარ მოხდება. ვვარაუდობდი, ჩემი პრეზიდენტობა დამემთავრებინა სწორედ იმით, რომ გაგვეხსნა ეს დიდი მნიშვნელობის რკინიგზა. ეს რკინიგზა საქართველოს შეაერთებდა ევროპასთან. ეს რკინიგზა რეალურად არის ჩინეთი-ლონდონის რკინიგზა, მაგრამ მთელ ევროპაში აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და ის საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამის ნაცვლად, ჩვენ გვიხდება ლაპარაკი იმაზე, რომ ეს რკინიგზა ვერ დამთავრდება ვერც წელს და როგორც დღეს გამოჩნდა, ვერც მომავალ წელს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.