"მე მივუთითებ და კატეგორიულად ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ "თავისუფალი ზონის" აქტივისტები დაუყოვნებლივ გაუშვან"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" 3 აქტივისტის გათავისუფლებას კატეგორიულად და დაუყოვნებლივ სთხოვს. 

ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ თბილისის "დინამოს" ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა, ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, ამ შემთხვევაში ჩვენი შსს-ს მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ასე დაუსჯელად ჩამოსვლა საქართველოში, ასე თავისუფლად გადაადგილება ჩვენს ტერიტორიაზე. რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს განპირობებული. მეორე გუშინ იქ იყო მისული ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც, რაც მე ტელევიზორში ვნახე, კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით, მათ შორის, იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები, აპროტესტებდნენ ამ სუბიექტის (სერგეი გავრილოვი) საქართველოში ვიზიტს. იმავე საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა, რომლებმაც ეს რუსი დეპუტატი ქვეყანაში შემოუშვეს, ახალგაზრდების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენეს, აღკვეთეს მათი კონსტიტუციური უფლება, რომელიც გამოტახული იყო მშვიდობიან ფარგლებში. მე ვარ მომხრე იმისა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი ყველამ დაიცვას, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მათი პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ რაც ტელევიზორში ვნახე, ადგილი ჰქონდა პოლიციის პოლიტიკური ხასიათის ქმედებას, რომელმაც აღკვეთა მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც როგორც პრეზიდენტმა და მოქალაქემ მინდა, ვთქვა, რომ იყო 100%-ით გამართლებული. ეს ახალგაზრდები დააკავეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და "თავისუფალი ზონის" აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლება სთხოვა.

"მე მივუთითებ და კატეგორიულად ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი უნდა იქნას გაშვებული დაუყოვნებლივ. ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული. არსებობს რაღაც წესები, რომლებიც ყველა თავმოყვარე ქვეყანამ უნდა დაიცვას და მე არ მინდა, ისეთი რამე გავაკეთოთ, რომელზეც მერე ძალიან შეგრცხვებათ. მე ეჭვი მეპარება, შეიძლება, არც შერცხვეთ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს საზიანოა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან პოლიტიკური, კულტურული, ჰუმანიტარული ურთიერთობების დამყარების მცდელობა, ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვიმუშავოთ რუსულ საზოგადოებასთან, დარწმუნებული ვარ, რომ სულ ის მთავრობა არ იქნება და ცვლილებებიც მალე მოხდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის მტერი, ვინ ნეიტრალური, ვისთან შეიძლება, მუშაობა და ვის ჩვენი ქვეყნის სათოფეზე გაკარებაც კი არ შეიძლება. ამ შემთხევვაში მე ვფიქრობ, რომ დარღვეულია სახელმწიფოს უშიშროება, დარღვეულია ღირსება, შელახული ჩვენი ეროვნული ღირსება და დარღვეულია კანონი ამ ახალგზარდების მიმართ. დაუყოვნებულივ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.