გია ხუხაშვილი:  ბუნებაში მუდმივი არაფერია, მაგრამ მთავარი პროკურორის შეცვლის საკითხი კონკრეტულად არ დგას

გია ხუხაშვილი: ბუნებაში მუდმივი არაფერია, მაგრამ მთავარი პროკურორის შეცვლის საკითხი კონკრეტულად არ დგას

ბუნებაში მუდმივი არაფერი არსებობს, მაგრამ საკითხი მთავარი პროკურორის შეცვლის შესახებ კონკრეტულად არ დგას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა პრემიერის დღევანდელი მიმართვის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი განმარტებით, გამორიცხული არასოდეს არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა კბილაშვილის გათავისუფლების ინიცირებას აპირებს.

"არჩილ კბილაშვილს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. ასეთია რეალური ვითარება. მესმის, რომ წარდგინების შემთხვევაში სააკაშვილი მას სიამოვნებით გაათავისუფლებდა. გამორიცხული არაფერია, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ამის პირდაპირ ინიცირებაზე ინფორმაცია არ მაქვს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მრჩეველი ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით პრემიერის მოსაზრებასაც იზიარებს. გია ხუხაშვილის განმარტებით, არჩილ კბილაშვილს ამ გადაწყვეტილებით კანონი არ დაურღვევია, თუმცა კანონის გარდა არსებობს კიდევ სხვა პარამეტრები და კრიტერიუმებიც, რითაც საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პროცესი იზომება.

"არ ვიცი, როგორ მოიქცევა მთავარი პროკურორი, თუმცა მე კითხვები მაქვს ბედუკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ვიზიარებ პრემიერის ამ მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რა ნაბიჯები გადადგა ბედუკაძემ შემდგომში, თუ ის გარეული იყო წამების კონკრეტულ ფაქტებში, წამება არის ისეთი დანაშაული, რომ ამის ამნისტირება არც მორალურად არის გამართლებული და არ შეესაბამება მსოფლიოში დამკვიდრებულ სტანდარტებს. შესაძლებელი იყო შემსუბუქებაზე საუბარი, მაგრამ პასუხისმგებლობის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ მოყვანილი არგუმენტები ბოლომდე დამაჯერებელი და საკმარისი არ არის. ეს ჩვეულებრივი პროცესია. პრემიერი პირდაპირ ვერ ჩაერევა პროკურატურის საქმიანობაში, მაგრამ ბუნებრივია, საზოგადოებაში არსებობს კითხვები და აზრს ყველა ღიად გამოვთქვამთ, მათ შორის - პრემიერიც", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება პროკურატურის სისუსტის შესახებ პრემიერის მიერ 3 ივლისის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას, გია ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი არ უგულისხმია.

"რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ პროკურატურა სუსტია, ვფიქრობ, იგი გულისხმობდა არა ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ იმას, რომ რეალობა დღეს ასეთია. ცოტა ხნის წინ პროკურატურა იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი წინა რეჟიმის ხელში და, სამწუხაროდ, პოლიტიკური სადამსჯელო მანქანის პრინციპით მუშაობდა. ახალ პროკურორებს საიდანღაც ვერ გავაჩენდით და გარდამავალ პერიოდში, როდესაც ადამიანები სწავლობენ სახელმწიფოს მსახურებას და არა კონკრეტული პირების პოლიტიკური ამოცანების შესრულებას, ასეთი სისუსტე და გარკვეული ვაკუუმი ბუნებრივია. ვფიქრობ, პრემიერმა სწორედ ეს იგულისხმა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ხელმძღვანელი პირი ყველაფერს ცდილობს, რათა ეს პროცესი არა რევოლუციურად, არამედ რბილი ტრანსფორმაციით წარიმართოს, თუმცა ამ პროცესში შეცდომები გამორიცხული არ არის.