მიხეილ სააკაშვილი:  გუშინ ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია

მიხეილ სააკაშვილი: გუშინ ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტს აპროტესტებს და მას მტერს უწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, "დინამო არენაზე" მომხდარ ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, სათათბიროს აღნიშნულ დეპუტატს 2008 წელს ხმა საქართველოს დაქუცმაცებისთვის აქვს მიცემული.

"ის, რაც გუშინ მოხდა "თბილისის დინამოს" სტადიონზე ძალიან ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, რა გამოწვევებისა და საფრთხების წინაშე ვართ და რა რისკები არსებობს, თუ ეს გაგრძელდება. მე პირადად მივესალმები და პოზიტიურ მოვლენად მივიჩნევ ასეთ მატჩებს - მე ვიყავი ინიციატორი, რომ რუსი ტურისტებისთვის ცალმხრივად გამარტივებულიყო სავიზო რეჟიმი საქართველოში. მე კმაყოფილი ვარ, როცა არის კულტურული და სპორტული კონტაქტები, მაგრამ გუშინ (დავანებოთ თავი იმას, რა ლოზუნგებით ჩამოვიდნენ გულშემატკივრები) საქართველოში ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული ჩვენი ქვეყნის დანაწევრებისთვის, აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობისთვის. ეს კაცი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით, აქტიურად არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და პრაქტიკულად არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი საქართველოს დაქუცმაცების მცდელობაზე. ამიტომ ერთია, როცა ქვეყანაში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს და მეორე – საქართველოს მტერს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულის კონტექსტში, ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების მიერ გამართული საპროტესტო აქცია "100 %-ით გამართლებული" იყო. მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება არ შეიძლება, თუკი გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა და ქვეყნის სიყვარული, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ჩამოსვლა და თავისუფლად გადაადგილება ჩვენს ტერიტორიაზე. მეორე – სტადიონთან მისული იყო ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც კანონის და კონსტიტუციის დაცვით აპროტესტებდა ამ სუბიექტის საქართველოში ვიზიტს. სამართალდამცველებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა და აღკვეთეს მათი კონსიტუტიციური უფლება, გაემართათ მშვიდობიანი აქცია. საქმე გვქონდა პოლიციის მხრიდან პოლიტიკური შინაარსის ქმედებასთან. ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი იყოს გაშვებული. ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული, არსებობს რაღაც წესები, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.