"დინამო არენასთან" დაკავებულებს ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობა ედებათ ბრალად

"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" აქტივისტები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

გიორგობიანის განმარტებით, "დინამო არენასთან" სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ.

ამასთან, როგორც "დინამო არენასთან", შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი ზონის" წევრებმა განუცხადეს, დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური გაწევ-გამოწევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათი პროტესტი უკავშირდება თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას.