ბუტა რობაქიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ბუტა რობაქიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ბუტა რობაქიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 11.00 საათისთვის არის ჩანიშნული. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების წარდგენას მიეძღვნება. ასევე, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ბრალდების მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე. დღევანდელი პროცესის შემდეგ ცნობილი გახდება, თუ როდის დაიწყება ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა.

28 ივნისს გამართულ პროცესზე კი მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს და შუამდგომლობები დააყენეს. ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ სასამართლომ დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად სცნოს. შუამდგომლობები დააყენეს დაცვის მხარის ადვოკატებმაც. ისინი მოითხოვენ, რომ საქმე შეწყდეს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა კახა შონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების იმედი არ აქვთ. ადვოკატის ინფორმაცით, კიდევ ერთი შუამდგომლობა დადგა, კერძოდ, ბრალდების მხარის მოწმის, მირზა გვილავას პროცესზე დაუშვებლობა, რომელმაც პროკურატურაში დაკითხვისას ადვოკატი მოითხოვა. საქმეში არსებობს ადვოკატის ორდერიც, თუმცა მირზა გვილავა პროცესუალური დარღვევებით არის დაკითხული - ადვოკატის გარეშე. "სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვთ, რომ აღნიშნული მოწმე დაუშვებლად სცნოს სასამართლომ", - განმარტა კახა შონიამ.

"ინტერსპრესნიუსი" აღნიშნულ საქმეში ბრალდებულ ერთ-ერთ პირს ირაკლი ფირცხალავასაც ესაუბრა. ფირცხალავამ განმარტა, რომ მირზა გვილავა არის პირი, რომელიც პროკურატურას ჩვენებას აძლევს, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მან თავის ხელით მიიტანა ტყვიები, რომლებიც ახალგაზრდებს ჩაუდეს.

ირაკლი ფირცხალავას თქმით, აღნიშნული მოწმის დაკითხვა ყოველგვარი პროცესუალური დარღვევებით მოხდა და, შესაბამისად, დაცვის მხარემ მისი დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომელმაც დაცვის მხარის ყველა მტკიცებულების დაუშვებლობა მოითხოვა, აღნიშნულ მოთხოვნაში ერთიანდება ის ვიდეოკადრებიც, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა გურამ დონაძემ, რომელიც ამბობს, რომ თუკი ბრალდების მხარის ვიდეომასალები, მათ შორის, ნანა ლეჟავას და ვახტანგ კომახიძის ფირები საქმეშია ჩადებული, დაცვის მხარის ფირებიც უნდა იყოს დასაშვებად ცნობილი.

"კმაყოფილი ვარ იმით, რაც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ითხოვს არ სცნონ დასაშვებად დაცვის მხარის მტკიცებულებები, მაშინ რატომ უნდა იყოს საქმეში კომახიძისა და ნანა ლეჟავას ფირები ან ის მასალები, რომლებიც გამოძიებამ თავისივე სასურველი ხერხებით მოიძია?!", - განაცხადა გურამ დონაძემ.