არასამთავრობო სექტორი იმ პირთა იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც მამუკა მიქაუტაძე დააკავა და დაკითხა

არასამთავრობო სექტორი იმ პირთა იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც მამუკა მიქაუტაძე დააკავა და დაკითხა

არასამთავრობო სექტორი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე დროულ რეაგირებას და იმ პირთა იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც იგი დააკავა და დაკითხა. როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, იმის მიუხედავად, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღიძრა, ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ განხორციელებულა და არავინ დაკითხულა. მათივე თქმით, საქმეში რეალურად იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

საიას ხელმძღვანელის, კახა კოჟორიძის განმარტებით, იკვეთება ის გარემოება, რომ პოლიციამ მიქაუტაძე უკანონოდ დააკავა და მას თავისუფლება აღუკვეთა ისე, რომ არანაირი შესაბამისი ოქმი არ შედგენილა. იკვეთება ისიც, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

კახა კოჟორიძემ და მასთან ერთად იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ დღეს ჟურნალისტებს მიქაუტაძის ჩვენების ასლებიც გააცნეს, სადაც ეს უკანასკნელი მართლაც ადასტურებს, რომ მას მეგობარმა გელა მანჯავიძემ "მარიხუანა" მიუტანა. არასამთავრობოთა თქმით, ნიშანდობლივია ჩვენების ის ნაწილი, სადაც მიქაუტაძე ამბობს, რომ მანჯავიძე ორ, მისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა, როცა მას "მარიხუანა" გადასცა და ამ საკითხზე ესაუბრა. კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ნაკლებად დასაჯერებელია, აღნიშნულ თემაზე საუბარს უცნობ ქალბატონებთან ერთად ჰქონოდა ადგილი. მისივე ცნობით, ჩვენებაში მიქაუტაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მან "მარიხუანა" 10 დღის წინაც მიიღო, რასაც ექსპერტიზა არ ადასტურებს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ მიქაუტაძის სხეულის გარეგანი დათვალიერების შედეგად, მასზე ზემოქმედების ნიშნები იკვეთება.

არსებული ინფორმაციით, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა.

როგორც გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი. სავარაუდოდ, გარდაცვლილი გამვლელმა ნახა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ეჭვობენ, რომ მამუკა მიქაუტაძე მოკლეს.