"დინამო არენასთან" "თავისუფალი ზონის" საპროტესტო აქცია დასრულდა

"დინამო არენასთან" "თავისუფალი ზონის" საპროტესტო აქცია დასრულდა. ამ დროისთვის სტადიონთან ვითარება სტაბილურია. აქციამ დაძაბულად ჩაიარა, რის შედეგადაც "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად არიან გადაყვანილი დაკავებული ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

ინციდენტი კი თბილისის" დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო. სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან აქტივისტებმა აქციის ჩატარება დაიწყეს, პოლიციელებმა კი მათ მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება დღევანდელ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას. "საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი. ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.