"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს

"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. როგორც შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის წევრებმა განუცხადეს, დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, ამ წუთებშიც დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დატოვონ და ტროტუარზე გადავიდნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება დღევანდელ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას. "საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი. ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.