"ვეტერანებთან მიმართებაში წინა ხელისუფლების პოლიტიკა სწორი არ იყო"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, ვეტერანებთან მიმართებაში წინა ხელისუფლების პოლიტიკა სწორი არ იყო.

ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს გორში, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პრაიმერის ფარგლებში გამართული დებატებისას განაცხადა.

"არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც, ჩვენი პოლიტიკა სწორი არ იყო და მე მზად ვარ, ამაზე ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო, როგორც იმ ხელისუფლების წარმომადგენელმა და პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ. ერთ-ერთი ასეთი საკითხია, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა ყოფილიყო უფრო სოციალურად ორიენტირებული, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომის ვეტერანების საკითხი. ამაზე საუბარი, მსჯელობა და კამათი ყოველთვის იყო, მაგრამ ვერასდროს მოვახერხეთ შეჯერებული გადაწყვეტილების მიღება, თუ რას ვაკეთებდით დამატებით ვეტერანებისთვის. მე ამას ვაღიარებ, როგორც ჩემს ერთ-ერთ გაუკეთებელ საქმეს. მე დღეს არ ვისარგებლებ იმით, რომ ოპოზიციაში ვარ, არ დავიწყებ ხელისუფლების კრიტიკას, მე გავაკრიტიკებ საკუთარ თავს, რომ წინა წლებში ეს თემა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ", - განაცხადა ბაქრაძემ.