კრიშტიანუ რონალდუმ დიღომში საფეხბურთო აკადემია გახსნა

კრიშტიანუ რონალდუმ დიღომში საფეხბურთო აკადემია გახსნა

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დიღომში, თბილისის "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია გახსნა. რონალდუსთან ერთად ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ანდრეი შევჩენკომ, კახი კალაძემ და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

როგორც რონალდუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან მოხარულია, რომ საქართველოში იმყოფება. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან იხსნება ეს აკადემია. ის მოემსახურება ბავშვებს. მომავალი თაობა ფეხბურთისთვის აუცილებელია და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს აკადემია სწორედ ამას ემსახურება. ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და მოხარული ვარ ამით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ჩემი მოწვევისთვის და ვიმედოვნებ, საქართველოში კიდევ ჩამოვალ", - აღნიშნა რონალდუმ.

კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო აკადემიის გახსნამდე თბილისის "დინამოს" საწრთვნელი ბაზა დაათვალიერა.