ჩვენების თანახმად, მამუკა მიქაუტაძე აცხადებს, რომ მას ნაცნობმა გელა მანჯავიძემ

ჩვენების თანახმად, მამუკა მიქაუტაძე აცხადებს, რომ მას ნაცნობმა გელა მანჯავიძემ "მარიხუანა" მიუტანა

ჩვენების თანახმად, მამუკა მიქაუტაძე აცხადებს, რომ მას ნაცნობმა გელა მანჯავიძემ ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" მიუტანა. მამუკა მიქაუტაძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენება "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ოჯახმა მიაწოდა. ჩვენებაში მიქაუტაძე დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ნახა ნაცნობი გელა მანჯავიძე, რომელსაც "ნარკოტიკური საშუალება "მარიხუანა" ჰქონდა. 

"2013 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, როდესაც ვიმყოფებოდი ა/სადგომზე, ჩემი ნაცნობი გელა მანჯავიზე თავისი მანქანით მოვიდა. მანქანა სადგომის შესასვლელთან გააჩერა და მანქანიდან გადმოუსვლელად ფანჯრიდან დამიწყო საუბარი. მომიკითხა, როგორ ვიყავი და ასევე მითხრა, რომ თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", რომელიც იმ მომენტში ეჭირა ხელში. კერძოდ, სიგარეტის კოლოფის ცელოფანში გახვეული პაკეტი, რომელშიც მისი მონაცემებით "მარიხუანა" იყო მოთავსებული. სწორედ ამ მომენტში ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მოგვიახლოვდა რამდენიმე მამაკაცი, მათ გვითხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარმოგვიდგინეს საბუთები, ასევე გვკითხეს ჩვენი ვინაობები, თუმცა პოლიციის თანამშრომლების მოსვლის მომენტში გელამ დრო იხელთა და მანქანის მარჯვენა ფანჯრიდან სწრაფად გადააგდო აღნიშნული პაკეტი, რომელშიც მისი განმარტებით იყო მარიხუანა. პოლიციის თანამშრომლებმა გელას ეს ქმედება რა თქმა უნდა დაინახეს და ჰკითხეს, თუ რა გადააგდო მან ფანჯრიდან, რაზეც გელამ უარით უპასუხა და განაცხადა, რომ ხსენებული პაკეტი მას არ ეკუთვნოდა და ნამდვილად არ იცოდა, თუ რა იყო მასში მოთავსებული", - აცხადებს ჩვენების თანახმად მიქაუტაძე.

ჩვენების მიხედვითვე, აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გელას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს და ორივეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს.

"ასევე გაჩხრიკეს ა/მანქანაც და შეადგინეს შესაბამისი ოქმები. ხოლო გელას მიერ ფანჯრიდან გადაგდებული მცირე ზომის პაკეტი ჩვენი თანდასწრებით ქაღალდის კონვერტში მოათავსეს და დალუქეს. ხსენებული პაკეტი იყო ზუსტად ის, რაც მანამდე გელას ეჭირა და რომელიც შემდგომ მან გადააგდო ფანჯრიდან. ჩხრეკის დასრულებისას მეც და გელაც პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციის დაწესებულებაში წაგვიყვანეს", - წერია ჩვენებაში. 

საკუთარ ჩვენებაში მამუკა მიქაუტაძე ასევე ამბობს, რომ მანამდე მასთან გელა მანჯავიძეს არასდროს მიუტანია ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", თუმცა იცოდა, რომ დროდადრო მოიხმარდა მას.

"და ჩემი მოსაზრებით სწორედ ამიტომ მოიტანა, რომ ჩემთვის მოეცა იგი. დასმულ შეკითხვაზე მოგახსენებთ, რომ მე დაახლოებით 10 დღის წინ მოვიხმარე "მარიხუანა", რომელიც ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა მომცა, რომლის მანქანასაც მე ვარემონტებდი. მე არც მისი ვინაობა ვიცი და არც მისამართი. იგი ვნახე პირველად და მას შემდეგ საერთოდ არც მინახავს", - აცხადებს მიქაუტაძე ჩვენებაში.

"ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით. სწორია და ვადასტურებ ხელის მოწერით", - წერს მამუკა მიქაუტაძე და ჩვენების ოქმზე ხელს აწერს.

არსებული ინფორმაციით, მამუკა მიქაუტაძემ თავი სწორედ აღნიშნული ჩვენების გამო მოიკლა. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ის განიცდიდა, რომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ მას თავი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედგეად, იძულებით მოეკლა.