"დევნილები საკუთარმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, დევნილები საკუთარმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა.

ამის შესახებ ჯაფარიძემ გორში, პრაიმერის ფარგლებში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

"თქვენ ვერ დაგიცვათ თქვენმა სახელმწიფომ. სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი უმთავრესი ფუნქცია, საკუთარი მოქალაქეების გარე აგრესიისგან დაცვა. შესაბამისად, სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულება აქვს თქვენს მიმართ. გამოსავალი არ არის ყოველთვიური დახმარება, არც მისი გაორმაგება ან გასამმაგება. საჭიროა განსაკუთრებული მიდგომა დევნილების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - არა უბრალოდ დახმარება, არამედ სამუშაო ადგილების შექმნა ამ ადამიანებისთვის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის აზრით, სახელმწიფო დაზღვევა დევნილებთან მიმართებაში 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტად უნდა დაფინანსდეს, ვიდრე სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში.

ასევე, ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ირგვლივ არსებული მიწები დევნილებს საკუთრებაში გადაეცეთ ან ინვესტორებისთვის მოხდეს ამ მიწების უფასოდ შეთავაზება, იქ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების წინაპირობით.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პრაიმერის მეორე ტური დღეს გორში მიმდინარეობს. დღევანდელი დებატების თემაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და დევნილების მდგომარეობა.