კახა კოჟორიძე - ექსპერტის თქმით, მამუკა მიქაუტაძის გვამს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება

კახა კოჟორიძე - ექსპერტის თქმით, მამუკა მიქაუტაძის გვამს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება

ექსპერტის თქმით, მამუკა მიქაუტაძის გვამს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება, _ ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა. მისი თქმით, საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექპერტი, რომელმაც დღეს მამუკა მიქაუტაძის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარა. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, თუ რაში გამოიხატება ეს დაზიანებები, ექსპერტიზის დასკვნაში ჩაიწერება, რომელიც ცნობილი მომავალ კვირას სამშაბათს ან ოთხშაბათს გახდება.

კოჟორიძის აზრით, ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო საქმე. საიას თავმჯდომარის განცხადებით, დიდი ალბათობით, ის ვერსიები, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქვთ, სიმართლეა.

არსებული ინფორმაციით, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა.

როგორც გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი. სავარაუდოდ, გარდაცვლილი გამვლელმა ნახა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ეჭვობენ, რომ მამუკა მიქაუტაძე მოკლეს.