საიას თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებაზე მისი ოჯახის წევრების ვერსია დიდი ალბათობით სიმართლეა

საიას თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებაზე მისი ოჯახის წევრების ვერსია დიდი ალბათობით სიმართლეა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ვარაუდობს, რომ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრების ვერსია დიდი ალბათობით სიმართლეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოჟორიძემ განუცხადა, ამ ფაქტთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს და ძალიან მაღალი ალბათობით, ის ვერსია, რასაც ოჯახის წევრები ყვებიან, სიმართლეა. მისივე თქმით, მან ნახა მამუკა მიქაუტაძის მიერ მიცემული ჩვენება, რომელშიც იგი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა მოხდა და სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
"ჩემი აზრით, იმ ჩვენებას ადამიანი ზეწოლის გარეშე არ დაწერდა. თავის დაწერილს არ გავდა. 100%-ით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რა შაბეჭდილებაც დამრჩა იმ ჩვენების წაკითხვის შემდეგ, არის ეს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები გავარკვიოთ", - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.

ამასთან, საიას ინიციატივით, გარდაცვლილს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. კოჟორიძის თქმით, ექსპერტიზის მიზანი იმის გარკვევა იყო, მასზე პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის დროს მოახდინეს თუ არა ფიზიკური ზეწოლა. მისივე ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერება ჩაუტარდა. დასკვნის შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა.

როგორც გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი. სავარაუდოდ, გარდაცვლილი გამვლელმა ნახა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ეჭვობენ, რომ მამუკა მიქაუტაძე მოკლეს.

ამ დროისთვის სამართალდამცველები ვითარების გარკვევას ცდილობენ.