ილია მეორე - ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე ჩვენს თავში

ილია მეორე - ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე ჩვენს თავში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სინანულის მნიშვნელობაზე იქდაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, ხშირია, როცა ადამიანები ამბობენ, რომ მრავალი განსაცდელი და გაჭირვებაა. "მაგრამ როდის არ იყო გაჭირვება, ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. ადამიანი უნდა ებრძოდეს თავის თავს, ვნებებს, ცოდვებს. უნდა გააჩნდეს სინანული და განცდაი თვისთა ცოდვათა. თუ სინანული და საკუთარი ცოდვების განცდა არის ადამიანში, ის არ განიკითხავს სხვას, ის უფალს სთხოვს პატიებას", _ ბრძანა უწმინდესმა და იოანე ნათლისმცემელს შესთხოვა, მოანიჭოს ერს სინანული და განცდაი თვისთა ცოდვათა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, სინანული ცვლის ადამიანს და იგი თითქოს ხელახლა იბადება. უწმინდესის თქმით, ადამიანი თავსა და ვნებებს უნდა ებრძოდეს. "საოცარია ადამიანის თვისება _ ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე ჩვენს თავში. ეს ნიშნავს, რომ დახშულია ჩვენი გონება და გული. არ უნდა შეგვეშინდეს იმ გაჭირვებისა, რაც ხშირად არის გარშემო. ეს გაჭირვება ღვთის მადლით და ღვთისმშობლის ლოცვით გაივლის, თუ ახლოს ვიქნებით ღმერთთან, თუ გვექნება სასოება და იმედი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს სინანული, რათა განვლოს ცოდვებმა, გავხდეთ ძე ღვთისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი", _ ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე დამდეგ დღესასწაულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეტრე-პავლობის დღესასწაული ვინაიდან პარასკევს ემთხვევა, მორწმუნეთათვის თევზით ხსნილი იქნება, შაბთს კი სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით უწმინდესი წირვა-ლოცვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულებს.

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის ბილიხოძეები, ლაბაძეები, ზვიადაძეები, ლურსმანაშვილები, ზალდასტანიშვილები და ნერსეზაშვილები.