პარლამენტი მომავალი კვირიდან მუშაობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაახლებს

პარლამენტი მომავალი კვირიდან მუშაობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაახლებს

პარლამენტი მომავალი კვირიდან მუშაობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაახლებს. პარლამენტის ბიუროს სხდომა, ხვალ 17:00 საათისთვის ჩაინიშნა. იმის მიუხედავად, რომ საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 28 ივნისს ოფიციალურად დაიხურა, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობას მეორე-მესამე მოსმენით წარმოდგენილ კანონპროექტებზე დაასრულებენ. სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტი ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საკანონმდებლო ინიციატივას - "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს მიუბრუნდება.

გარდა ამისა, კობახიძის ცნობით, პარლამენტი ასევე მომავალ კვირას განიხილავს პრეზიდენტის მიერ ორ ვეტოდადებულ და უკან მიბრუნებულ კანონპროექტებს. საუბარია "მაუწყებლის შესახებ" კანონსა და "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებზე, რომელთაც მიხეილ სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა და პროექტების საკუთარი ვარიანტი, მოტივირებული შენიშვნებითურთ კანონმდებლებს უკან დაუბრუნა.

ასევე მანანა კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტში შესულია "პოლიციის შესახებ" კანონი, რომელსაც დეპუტატები კომიტეტების ფარგლებში განიხილავენ. მომავალი კვირის რიგგარეშე სესიის დღის წესრიგს ხვალ ბიურო დააზუსტებს.

ამასთან, უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეკრება ივლისის გარდა, აგვისტოშიც მოუხდეთ.