ჰენრი კუპრაშვილი ბოსფორის სრუტეს გადაცურავს

ჰენრი კუპრაშვილი ბოსფორის სრუტეს გადაცურავს

ჰენრი კუპრაშვილი ცურვაში ბოსფორის საკონტინენტთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 7 ივლისს ტარდება და დისტანცია 6 500 მ. შეადგენს. სტამბოლის დროით, დილის 10 საათზე სტარტს აიღებს მსოფლიოს 37 ქვეყნის 1500–ზე მეტი მარათონელი მოცურავე, მათ შორის იქნება ერთადერთი ქართველი. აზიიდან ევროპის კონტინენტზე ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით ამ გადაცურვაში მონაწილეობას მიიღებს 67 წლის ცნობილი მოცურავე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი. იგი დაშვებულ იქნა შეჯიბრებაზე შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. მისი უშუალო მეტოქეები იქნებიან 1944–1953 წლებში დაბადებული ამერიკელი, ჰოლანდიელი, იტალიელი, რუსი, ბრაზილიელი, იაპონელი და თურქი პროფესიონალი მარათონელი მოცურავეები.

ჰენრი კუპრაშვილი ამ გადაცურვას უძღვნის მშობლიურ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელშიც 45 წელია საქმიანობს.

ბოსფორის შემდეგ ჰენრი კუპრაშვილი, როგორც მწვრთნელი, დაიწყებს ანა ლომინაძის მომზადებას ლა მანშის სრუტის "მხედრული კოლხურით" გადასაცურად და უპრეცედენტო მსოფლიო–საგინესო რეკორდის დასამყარებლად. ქალთა შორის მსოფლიო რეკორდსმენმა "მხედრული კოლხურით" მარათონულ ცურვაში ანა ლომინაძემ, შარშან, ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით დარდანელის სრუტე გადაცურა.

ჰენრი კუპრაშვილი პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ მიიჩნევა. მან საფუძველი დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს.